,,თბილისში დედა ჩამომიყვანდა წელიწადში ერთი ორჯერ მაინც, ან სასექტებროდ საყიდლებზე ან წინასაახალწლოდ ან ექიმთან.. ყოველთვის ვჩერდებოდით დედას მამიდასთან მელიქიშვილის 7 ნომერში. თუ გურიაში ვინმეს ფეხი აუცდა, სტუდენტი გახდა, სამკურნალოდ, სავაჭროდ, უბრალოდ დედაქალაქში ჩამოვიდა ყველამ ქეთო მამიდასას გაადინა ძნეყვა. ქეთო მამიდას სამი ქალიშვილი, გუგული, ნუნუ და და ნაზი ჰყავდა, ესეიგი ჩემი დეიდები. მათზე და იქ გატარებულ სტუდენტურ წლებზე უსათუოდ მოვყვები ერთხელ.
ამ თბილისურ ეზოში 17 ოჯახი ცხოვრობს და ბავშვობიდან ყველას ვიცნობ, მათ ნათესავებსაც, ახლობლებსაც, ყველას.
ჩემი დეიდების გვერდით ბინაში გურამ ლორთქიფანიძის ოჯახი ცხოვრობს, დიდი საერთო აივნის ბოლოს, ლამაზ, მოზრდილ ძველებურ ბინაში ბიოლოგი, პროფესორი, დიდი, ფაშფაშა ქალბატონი გულნარა კიკნაძე.
დეიდა გულნარა რაც თვალი გამოვახილე სულ ვიცი, დეიდებს და ქეთო მამიდას რომ მოვისიყვარულებდით პირველი მასთან გავრბოდი. ვუყვებოდი სოფლის ამბებს, წვრილად გამოიკითხავდა რა მიზეზით ჩამოვედით, რამდენხანს ვრჩებით, დედას აუცილებლად დააკვალიანებდა, სწორ ექიმთან გაგვიშვებდა, მერე შედეგსაც იკითხავდა აუცილებლად.
დეიდა გულნარას დიდ ოთახში უშველებელი გვიმრები, ფიკუსი, ფილოდენდრონი და დიდი სპატიფილუმი ედგა, ფანჯრის რაფები სავსე ჰქონდა უზუმბარას ფერადი იებით, სამზარეულოში ქლოროფიტუმები და ბეგონიები ეწყო დიდ თაროზე. მე ინტერესს ვიჩენდი ამ მცენარეების მიმართ, ნაცნობებივით ჩამოვუვლიდი ყველას და დავხედავდი. დეიდა გულნარა ამჩნევდა ჩემს ამ ინტერესს და სულ მიყვებოდა მათზე. ხუთი ან ექვსი წლის ვიქნებოდი მისი დიდი, საოცარი ბიბლიოთეკის თაროდან ძვირფასი ბოტანიკური ენციკლობედია გადმოიღო და წარწერით მაჩუქა “კარგ ზურიკოს გულნარასაგან.” ერთერთ ჩამოსვლაზე მცენარეების გადარგვაში დახმარება მთხოვა და ახლაც მახსოვს ის ბედნიერება. დიდ, ფართე აივანზე ტილო გავშალეთ, ყველაფერი გამოვიტანეთ და მიწა შევუცვალეთ მცენარებს.
დეიდა გულნარა დილით სამსახურში მიდიოდა, ნაშუადღევს ბრუნდებოდა, უცებ სადილს მოამზადებდა და მალევე იწყებოდა მოსწავლეების დინება გვიან საღამომდე. იჯდა წიგნებით და რვეულებით სავსე დიდ, მრგვალ მაგიდასთან და რიგი მოდიოდა, რიგი მიდიოდა..
ვფიქრობ ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებაც დეიდა გულნარას მაგალითით და მისი იმედით გადავწყვიტე. სკოლა, რომ დავამთავრე იმ წელს ვერ წამოვედი ჩასაბარებლად, არ აღმოჩნდა ამის საშუალება, მეორე ზაფხულს დედა გამომყვა და ჩამოვედით, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე შევიტანე განცხადება. რათქმაუნდა დეიდა გულნარამ გამსინჯა, დედა დააიმედა ოთხიანს ნამდვილად მიიღებსო და შეაქო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ხომერიკი. დედას შეპირდა არ იდარდო, როგორც შევძლებ მოგეშველებით, ბევრი ჩემი მეგობარია კომისიაშიო. ვფიქრობ ცოტა ჩემით და ბევრი დეიდა გულნარას დახმარებით მივიღე ბილოგიაში ხუთიანი, ქიმიაში და ქართულში ოთხიანები რაც მეყო სტუდენტი გავმხდარიყავი.
იმ წუთიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ძალიან დავუახლოვდი დეიდა გულნარას.
მიჭირდა ჩემთვის უცხო ქალაქთან და ქალაქის წესებთან შეჩვევა, არც სწავლა მიადვილდებოდა. ვინ მყავდა მშველელი ან გულშემატკივარი, მივადგებოდი რვეულით, წიგნით გულნარას. ორ წუთში ისე გამომახედებდა თვალში, ისე დამარიგებდა, ისე დამაყენებდა სწორ გზაზე სხვანაირად დავინახავდი ყველაფერს, შემანჯღრევდა და გამომიშვებდა. მოვუყვებოდი რამეს, ვითომ ჩავაბარებდი..
-არვარგა, ცუდად იწყებ, აბა ასე სცადე..
-ასე დაიწყე, ასე დაამთავრე..
მივუტანდი რამეს დაწერილს.
-არვარგა, ერთმანეთში გაქვს აზელილი 5 სვადასხვა ამბავი, წადი, დაშალე ხუთად და ხუთი ცალ-ცალკე საკითხი მომიტანე. წავიდოდი, ვწერდი, ვწერი დაუსრულებლად, მივიდოდი არც დახედავდა აბა ახლა მომიყევი რაც დაწერე.
მოვუყვებოდი აბა ახლა დაწერე ის რაც მომიყევი, მივუტანდი არა ვრცელია, მოკლედ დამიწერე ერთ გვერდზე… მტანჯავდა მაგრამ ახლა როცა მეც მიწევს ახალგაზრდებისთვის ცოტ- ცოტა სწავლება ვხვდები რომ მისნაირი მასწავლებელი არ შემხედრია. მასწავლიდა მთავარს როგორ ვისწავლო… მისწორებდა ყველაფერს, საუბარს, სიარულს, ქცევას… მაგრამ საოცარი ტაქტით და გონივრულად, არასდროს არც ერთხელ არავის თანდასწრებით არ მოუცია შენიშვნა, სხვასთან ერთად მხოლოდ მაქებდა და მეფერებოდა, ცალკე როცა მარტონი ვრჩებოდით გადადიოდა შენიშვნებზე, შემჩნევები, დარიგებები დაუსრულებლად, როგრც კი ვინმე შემოდიოდა ჩერდებოდა.
მაძლევდა გაუთავებლად საკითხავს, იმ დროისთვის ჩემთვის რთულს და ხშირად გაუგებარს, მხოლოდ იმისი ხათრით და მორიდებით ვკითხულობდი, რომ მკითხოს რაღა ვქნა ხომ უნდა მქონდეს წაკითხული. რომ მეგონა სულ არ ახსოვდა რა მომცა მაშინ მკითხავდა..
ჩემზე უფრო ზუსტად იცოდა როდის რა გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი, მკიხავდა ხვალ ვისთან გაქვს გამოცდა? ვითომ არ იცოდა, ააა ლენა გოკიელი? ჩემი თანდასწრებით აიღებდა მის დიდ წითელ ტელეფონს ზეპირად აკრეფდა ნომერს, -ლენა სდრასტუი, ხვალ ჩემს ზურიკოს აქვს შენთან გამოცდა, არაუშავს მთლად უთავმოყვარეოდაც არ ვუშვებ, მეტი არა და ერთი ნიშანი მე მაჩუქე რა. არ ივარგებს, სტიპენდია არ უნდა დაკარგოს და დაუკიდებდა. ამის შემხედვარეს მაშინ ყოვლის შემძლე მეგონა. რამდენიმეჯერ სადაც მას არ შეეძლო დახმარება სთხოვა გაკვეთილები ჩაეტარებინათ ჩემთვის და ვემეცადინებინე გამოცდისთვის ლექტორებს.
თუ განსაკუთრებულ სადილს გააკეთებდა და გარეთ ისეთი დრო იდგა ყველაფერი განსაკუთრებულად მეჩვენებოდა აუცილებლად დამიძახებდა ფანჯრიდან. სამზარეულოში, რომ შევიდოდი დიდი ულუფა უკვე ამოღებული მხვდებოდა დიდ, ლამაზ, ლურჯ თეფშზე, მასადილებდა გემრიელად.
ვეკითხებოდი და ვუთანხმებდი ყველაფერს, ვუზიარებდი ემოციებს, შთაბეჭდილებებს.. მისმენდა დიდი მოთმინებით. თანამიგრძნობდა, მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. მაჩვენებდა სწორ გზას და მიმართულებას, მეხმარებოდა დამერქმია ყველაფრისთვის შესაფერისი სახელი, მიმითითებდა სწორ, ღირებულ ადამიანებზე, არასწორ, ცუდ საქციელსაც დამანახებდა და მეტყოდა რომ ეს არის ცუდი და ასე კაცი არც ქალი არ უნდა იქცეოდეს.
გამაცნო და დამაახლოვა ყველა თავისი მეგობარი და კოლეგა, ზოგიერთს კი გადააბარა ჩემი თავი.
დღემდე მინათებენ გზას და ამდიდრებენ ჩემს ცხოვრებას მის სამზარეულოში გაცნობილი კეთილშობილი ადამიანები.
სოფლიდან ჩემს დახმარებას თითქმის ვერ ახერხებდენ ,მალევე მოვეწყვე ყვავილების მაღაზიაში სამუშაოდ, იმდროისთვის განსხვავებულ, განსაკუთრებულ გვირგვინებს, სამგლოვიარო კალათებს და თაიგულებს ვამზადებდი. აქ დიდი არაფერი შეეძლო მაგრამ აქაც დამეხმარა, თავისი სარაია დამითმო ეზოში, გამოვალაგე, მოვაწესრიგე და იმდროისთვის მოდური სიტყვა “ოფისი” დავარქვი. სახელოსნო გავმართე და გვირგვინების შეკვეთებს კერძოთაც ვიღებდი.
მისი შვილები (გათხოვილი არასდროს ყოფილა, გაზარდა თავისი ობლად დარჩენილი ბიძაშვილის ქალიშვილები ელენე და სალომე) სიძეები, შვილიშვილები ჩემთან მეგობრობენ, დადიან ჩემს ბაღში, ყველა ნათესავებივით მიყვარს და მიმაჩნია. ასე მგონია ყველა მათგანის იოლად მესმის, ადვილად ვუგებ. ჩვენ ყველანი ხომ იმ ერთი კეთილი წყაროთი ვსაზრდოობდით გულნარა რომ ქვია.
რა ცუდია, რომ ადამიანები ვერ ვახერხებთ შესაფერისი, დამსახურებული ყურადღებით ვიყოთ ასეთი ამაგით გამორჩეული მასწავლებლების მიმართ. წესით უკვე ღრმად მოხუცებულ, მარტოდ დარჩენილი გულნარა ძალიან ახლო უნდა მყავდეს და ვცდილობდე მისი ცხოვრების დღეები გავახალისო, გავაფერადო…
ეჰჰ ადამიანო, ადამიანო, მოუცლელო ადამიანო…”-წერს შევარდნაძე