ორშაბათი, ივნისი 9, 2025

“რიყის დოქები” შეძენიდან ერთ თვეში 2.8 მილიონად გაიყიდა – ობიექტის მფლობელი “მაქრო ფროფერთი” გახდა

რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა – კომპანია “რიყე დომის” მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია “მაქრო ფროფერთი” გახდა, რომელიც “მაქრო ჰოლდინგის” ერთ-ერთი კომპანიის “მაქრო ქონსთრაქშენის” საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, “რიყე დომის” მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.

ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.

თავის მხრივ, “რიყე დომმა” რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ “მაქრო ფროფერთის” მიჰყიდა.

ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, “მაქრო ფროფერთი” იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი “როყის დოქების” ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია “რიყე დომის” წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.

2025 წლის 21 მაისს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.

რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.

რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ფაქტს, რაც, მერების თქმით, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას.კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.„მადლობას გიხდით მეგობრული და გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს და იტალიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, მჭიდროა ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. იმედი მაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდება თბილისისა და მილანის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რისთვისაც პირადად მე, როგორც თბილისის მერი, ძალისხმევას არ დავიშურებ. ათი წელი გავატარე მილანში და მინდა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მილანს, როგორც ევროპის წამყვან ქალაქს აქვს, თბილისმაც გაიზიაროს. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს თბილისში. არაერთი პროექტი განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით და წინ საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში, რომელიც ვფიქრობ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ცნობით, მილანის მერმა მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ვიზიტისთვის და გამოხატა სრული მზაობა ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე. მან ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის მთავარ გამოწვევად იქცა.„მზად ვარ, ხელი შევუწყო მილანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, მინდა, შემოგთავაზოთ ჩართულობა NC40 cities-ში – მსოფლიოს მასშტაბით არსებული ქალაქების ქსელში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ებრძვის. ეს არის, როგორც პოლიტიკური, ისე ტექნიკური ქსელი, ზუსტად მერების ჩართულობისთვის. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მილანში. ამდენად, საკონსულოს გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრის კუთხით, ისე ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჯუზეპე სალამ.მილანის მერიაში გამართულ შეხვედრას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო.

თურქეთში დააკავეს დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ტურისტებს 29 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს

თურქეთის პოლიციამ დაჯგუფება დააკავა, რომელმაც ტურისტების ბარათებიდან 29 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.გამოძიება ოთხი თვის წინ დაიწყო, როდესაც სახელმწიფო ბანკმა უცხოელების ანგარიშებზე საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მიიღო.პოლიციის სპეციალური ჯგუფი ტრანზაქციების კვალს მიჰყვა, რომელმაც ისინი ქალაქ კუშადასის ორი სასტუმროს კუთვნილ POS ტერმინალებამდე მიიყვანა.გამოძიებამ მალევე გაიგო, რომ ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი უცხოელი ტურისტების ბარათის რეკვიზიტებს, რომლებიც მასთან ოთახებს იჯავშნიდნენ, მანქანების გაქირავების კომპანიებსა და სხვა სასტუმროებს გადასცემდა. მას შემდეგ, რაც ტურისტები თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, ბარათებიდან დიდი თანხები იჭრებოდა - თითქოს მათ სასტუმროს ოთახი და მანქანა იქირავეს.წინასწარი მონაცემებით, კრიმინალებმა სულ უცხო ქვეყნის 268 მოქალაქე გაძარცვეს და ნაძარცვმა თანხამ 1,1 მილიარდი ლირა, დაახლოებით 29 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

სერგეი ლავროვი – მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება

მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე ამ ეტაპზე დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა არ იცის, როგორ არის ტრამპი ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ.ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის.„უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ ექსპონატებს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ და იქ დაცულ უნიკალურ ექსპონატთა ფონდი დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის აქტიური ჩართულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საგანძურს ეცნობიან.ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, სტუდენტ არჩილ გურგენიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა და მათმა ისტორიამ, ახალგაზრდებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ხელნაწერები - ეს 70 000 ექსპონატისგან შემდგარი ჩვენი ეროვნული საგანძურია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა სიგელი თამარ მეფის ხელმოწერით, ერეკლე მეფის მიმოწერა, მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის დედნები, ვეფხისტყაოსნის 164 ხელნაწერი, მე-10 საუკუნის ლაილაშის ბიბლია და ქართული კულტურის მრავალი უნიკალური ძეგლი, რომლებიც ჩვენი ეროვნული სიამაყეა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობთ, ამ მუზეუმს ხშირად უნდა ესტუმრონ ახალგაზრდები, რათა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია”, - ამბობს არჩილ გურგენიძე.როგორც სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც ახალგაზრდობისთვის ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნების ძლიერი ინსტრუმენტია.“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას, უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, რათა განიმსჭვალონ მაღალი ეროვნული თვითშეგნებით, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა, რაც უდიდეს როლს თამაშობს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და შემდგომი თაობებისთვის ამ მემკვიდრეობის გადაცემის საქმეში. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო სივრცეში სტაბილურად პოზიციონირებისთვის. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან სულიერ საზრდოს აძლევს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის, პედაგოგებისთვის, სასიხარულოა, რომ მსგავს საუნივერსიტეტო აქტივობებში თანამონაწილეობის სურვილს ახალგაზრდები თავად გამოთქვამენ”, - აცხადებს ხათუნა საგინაშვილი.

“საგარეო დახმარება არ არის ქველმოქმედება – ის ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული” – მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს განცხადებას ავრცელებს, რომელიც აღნიშნულია, რომ "უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება" და რომ ის აშშ-ის ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული."უცხოური დახმარება არ არის ქველმოქმედება. ის შექმნილია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად. საგარეო დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ამას გააკეთებს", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

ბოლო სიახლეები