ორშაბათი, ივნისი 2, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით, ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ინსტიტუციად აღიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად აღიარეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ევროკომისიის Dashboard-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისიის Dashboard-ის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით, განსაკუთრებით საინჟინრო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან.

დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უახლოეს წარსულში, პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად კიდევ ორი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.

„დიდი პატივია, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის – HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად დასახელდა. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, მეცნიერებისადმი ერთგულებას, არამედ იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს – ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია და იყოს სრულფასოვანი მონაწილე ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემისა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, HORIZON EUROPE-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს.

ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა ყველაზე მაღალი საგრანტო დაფინანსება საქართველოდან, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაცილებით ფართო მასშტაბით ჩავერთოთ ფუნდამენტურ და მულტიდისციპლინურ კვლევებში – ინჟინერიის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით – იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და პოტენციალი აქვს.

საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა სამეცნიერო პროექტმა HORIZON EUROPE-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ასევე აუცილებლად აისახება ევროკომისიის ანალიტიკურ პლატფორმაზე.

ყველა მსგავსი წარმატება ამდიდრებს ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პორტფოლიოს და აღრმავებს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მოაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კვლევით ცენტრებთან, მათთან კოლაბორაციით განვახორციელოთ ინოვაციური ამოცანები, მეტად ჩავერთოთ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მონაწილეობა მივიღოთ მეცნიერების წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში, და რაც მთავარია, მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ ქვეყანას მეტი ახალგაზრდა მკვლევარი და კვალიფიციური სპეციალისტი შევმატოთ.

საერთაშორისო სივრცეში სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად – მინისტრ ალექსანდრე წულაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარს, პროექტის მენეჯერსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ლომის წილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

უნივერსიტეტის ცნობით, HORIZON EUROPE ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში. ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ. ისინი დღეს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ.შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ 2 ივნისს, სტამბოლში მოსკოვი „მემორანდუმს“ წარადგენს, რომელშიც შეთავაზებული იქნება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების გზები. კიევში კი ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად, ისინი წინასწარ უნდა გასცნობოდნენ რუსულ „მემორანდუმს“.

მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა

„არილის“ რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„აღარა გვყავს ჩვენი მახო. არ არის სამართალი ქვეყნად და არც არასოდეს ყოფილა!“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე.მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავად იყო და საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.

“ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება” – მედვედევი უკრაინას

რუსულ აეროდრომებზე განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს: ,,ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება. ჩვენს სტრატეგიულ ავიაბაზებზე დარტყმის მცდელობა არა მხოლოდ კიევის ნაციონალისტური რეჟიმის ტერორისტული აქტია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მათ საბოლოოდ დაკარგეს შიში, გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი. ეს ყველაფერი არ ხდება დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. სწორედ ისინი აწვდიან ამ მწვანე მაისურებში გამოწყობილ ურჩხულებს ტექნიკას, კოორდინატებსა და დაუსჯელობის ილუზიას, მაგრამ დროა, ყველას შევახსენოთ: რუსეთს ხანგრძლივი მეხსიერება და ძალიან ზუსტი ხელი აქვს. პასუხი იქნება არა მხოლოდ ასიმეტრიული, არამედ გამანადგურებელი. ჩვენ ვიცით სად მიიღება გადაწყვეტილებები. ვიცით, სად სხედან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ხელებით შეუძლიათ ბრძოლა. დარტყმას იქ მივაყენებთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა, ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და სამიზნეების ზუსტი განადგურება უნდა მოხდეს. დაე, ილოცონ, თუმცა მათ ვერავინ უშველის, ვერც ნატო და ვერც სატანა სამკაპით, - ამბობს მედვედევი.

საქართველოდან გაძევებულ იქნა – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის – ჯამში 31 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გააძევეს ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის - ჯამში 31 მოქალაქე.მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კუპრაძე – ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება რუსული „ქოცობისგან“, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება

ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.კუპრაძის თქმით, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.„საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა. გაყალბების პირობებშიც 60/40-ზე მოვუგეთ. ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი რუსული „ქოცობისგან“. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის წართმევას, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის კორუფციის მექანიზმი. ამის წართმევის შესაძლებლობაა. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით ათზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ და ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. ჯერ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ბოლო სიახლეები