მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.
გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.
ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მასზე პატიმრობის პერიოდში.
„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.