აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იქნა გაცემული.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.
ცნობისთვის, 7 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
აღნიშნულის საპასუხოდ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე.
ამასთან, სუსმ-მა მოუწოდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.