ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

“კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს” – კინკლაძე

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, გიორგი კინკლაძე ხვიჩა კვარცხელიას ტრანსფერს ულოცავს და მას დიდ წარმატებას უსურვებს.

“კარგად მესმის, რას ნიშნავს იყო ქართველი და თან ფეხბურთს ამ ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია მიმზიდველი, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორია შექმნა და ამ ყველაფერს, გვირგვინად, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები დაადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი ჭიშკარი შეუღო. იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები!”- წერს გიორგი კინკლაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება

სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება. „სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს – მეთიუ ბრაიზა

საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას“ განუცხადა. მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების“ მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?“. „ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა თვალს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად გადაუხვევს დემოკრატიისგან და რომ ისინი არღვევენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოვებენ ქვეყანას რუსეთთან. ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოემოქმედებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქათული ოცნების“ წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მე მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ისინი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. ისინი ემხრობიან უფრო მეტ სანქციებს, თუმცა მე მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა, იყოს სხვა მიდგომა“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ. რაც შეეხება კითხვას, „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?“, – მეთიუ ბრაიზას შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. „ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება. საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია“, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

თეა წულუკიანი თორნტონს: ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ?

არლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის განცხადება სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ეჰ, ლაურა, ლაურა! ადრე, ჩემს ბავშვობაში, ტვინი იყიდებოდა დეზერტირის ბაზარში. იქნებ, გეცადათ? აბა, პოლიტოლოგიის სწავლა უკვე დაგვიანებულია ამ ასაკში", - წერს თეა წულუკიანი. ცნობისთვის, ლორა თორნტონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "გამაუპატიურებელი და კრიმინალია".

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ჩანაქკალე-აივაჯიკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:38 საათზე მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ბიძგები იზოლირებული შემთხვევაა და უფრო ძლიერი მიწისძვრა რეგიონში არ განმეორდება.

ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს, ეს სირცხვილია, ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში არ დასრულებულა, ყველაფერი ვქნათ,...

საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა საფრანგეთიდან, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები მოპარულია, არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმური საქართველოში. „ჯერ კიდევ ველოდები თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით მაშინ, როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე გააკეთა ეს, ბატონო ევროკომისარო. ხალხი 55 დღის მანძილზე გამოდის, მათ წინააღმდეგ რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმები, თვითნებური დაკავებები, ძალადობა და საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების დაწესება. ინდივიდუალურად, სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ – არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა.  ქართველები, რომლებიც ქუჩებში ევროპული დროშებით გამოხატავენ პროტესტს, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ“, – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

ბოლო სიახლეები