სამშაბათი, ივლისი 21, 2026

64 წლის გახდებოდა…26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა… მზიანი და ბროწეულის ყვავილივით ალაკრული მარიტასი…

64 წლის გახდებოდა…

ამბობენ, “ნატვრის ხის” პერსონაჟი, საბედისწერო როლი აღმოჩნდა სათუთი ფსიქიკის მქონე პატარა გოგონასთვის. მარიტა სამუდამოდ ჩასახლდა მასში და… ის არასდროს დაუტოვებია.

მარიტას როლისთვის ათას ხუთასი გოგო ნახეს, სინჯებზე შეამოწმეს… რეჟისორს მაინც ვერ მიეგნო იმ სახისთვის, რაც სურდა. მერე თექვსმეტი წლის ლიკა იპოვა.

როლმა მთლიანად მოიცვა. გადაღებიდან სახლში დაბრუნებული, მარიტას კაბას არ იხდიდა, თურმე…

“ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს, თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო კინო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას.

მომაჯადოებელი იყო, თან – სადა, არა პრანჭია. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან… მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართოდა”, – იხსენებს ნანა ჯანელიძე.

როდესაც თენგიზ აბულაძესთან სინჯებზე მისულა, მაესტრომ გედიასთან მარიტას შეხვედრის კადრების გადაღება ითხოვა. მარიტა უკვე გათხოვილია, გედია თვეებია არ უნახავს, გარეთ ადრიანი გაზაფხულის მომაბეზრებელი წვიმებია… და მოულოდნელად თავს საყვარელი ადამიანი ადგება.

“გედია…” – ემოცია ამოხეთქილი ლიკა სოსო ჯაჭვლიანს რომ ჩახუტებია, თენგიზ აბულაძეს ცრემლი მორევია. მისულა და ორივეს გადახვევია. ლიკაც და სოსოც როლებზე დამტკიცდნენ…

ასმათ ტყაბლაძე: – მახსოვს, “ნატვრის ხის” გადასაღებ მოედანზე ანგელოზი რომ დავინახე… ულამაზესი იყო, შველი! მითხრეს, ეს გოგო ითამაშებს მარიტას როლსო.

16 წლის იქნებოდა. ძალიან ნორჩი იყო. გაშტერებული ვუყურებდი. თხელი, ლამაზი, ღიმილიანი… საოცარი გოგო.

დედა და ბებია თან დაჰყვებოდნენ. სიღნაღში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.

ისეთი საყვარელი იყო გადაღების დროს, მართლა დაშტერებული ვუყურებდით ასეთ სილამაზეს.

მახსოვს, სესიალიას ნათქვამი, “კაკაია ანა აჩერავაწელნაია”. გენიალური, უშუალო და არაჩვეულებრივი ბუნების გოგოაო. კმაყოფილი იყო სესილია. ეს რა გადასარევი შვილიშვილი მაჩუქეთ, საკუთარივით მივიღეო.

გემრიელი ბავშვი იყო. იმდენად სუფთა იყო, რომ ბიჭებიც ვერ “კადრებდნენ”, მიყვარხარო. ბუნებითაც სუფთა იყო…

ბერტა ხაფავა: – ნაღდი ბავშვი იყო. თავს ევლებოდნენ, სულს უბერავდნენ. ულამაზესი ხომ იყო და არაჩვეულებრივად იყო აღზრდილი.

არისტოკრატი და დიდებული გეიდარ ფალავანდიშვილის დისშვილი იყო. გადასაღებ მოედანზე ხან დედა ჰყავდა გვერდით, ხან – ბებია. არ ტოვებდნენ. ისეთი ბავშვი იყო, ვინ დატოვებდა.

ჩვენი ბიჭები, შეთეც და გედიაც, ორივე მასზე იყო შეყვარებული. არ შეიძლებოდა გენახა და არ გყვარებოდა. ყველანი შეყვარებულები ვიყავით.

სიღნაღის სოფლებში ვიღებდით. ვირზე რომ ზის და ტალახს ვესვრით, ამ სცენებს გაზაფხულზე ვიღებდით. წვიმიანი დღეები იყო. ციოდა, თან მე მცივანა ვარ. მციოდა, თან სველიც ვიყავი.

ლიკასთვის ტალახის სროლა ყველას გვიჭირდა. სოფლის ქალები მეკითხებოდნენ, ასეთი ანგელოზი როგორ გაიმეტე ტალახის სასროლადო…

ზაზა კოლელიშვილი: გადასაღებად რთული სცენა იყო, მე რომ ოთახში შემოფრენილ ჩიტს მათრახით ვუსწორდები და ვლეწავ ყველაფერს. ბატონ თენგიზს უნდოდა უწყვეტი კადრი ყოფილიყო. ინტერიერი ისე იყო მოწყობილი, რომ ლიკა მაგრად უნდა ჩამებღუჯა. მგონი, გულზე მიბჯენისგან ვალურჯებდი კიდეც. ორი დუბლი დაიწუნა, ამ დროს ილეწებოდა რეკვიზიტები. მაგრამ არ მოსწონდა, რადგან დამაჯერებელი არ ვიყავი, შებოჭილობას მამჩნევდა, თან ლიკა მეკვროდა… ამ მომენტისთვის ხომ ვემზადებოდი და… რაღაც არ გამომდიოდა, მაინც პირველი როლი იყო.

და ბატონმა თენგიზმა თქვა, მესამე დუბლს ვცდი და თუ არ გამოვიდა, ეს ეპიზოდი ფილმში აღარ იქნებაო. წარმოიდგინეთ, “ნატვრის ხეში” ეს ეპიზოდი რომ არ ყოფილიყო.

ბიძაჩემმა, რეჟისორმა გია მატარაძემ, რომელიც იმ დროს აბულაძის მოწაფე იყო, ისე “ამაგდო”, რა კეკელკასავით იქცევიო, რომ გამწარებულმა ისეთი ლეწვა ავტეხე, შემოფრენილ ჩიტს თავი წავაწყვიტე. ამაზე უკვე ლიკას რეაქციაც და მთელი სცენაც ბუნებრივი გამოვიდა. თენგიზს მოეწონა – “მალადციო”, გვითხრა. მანამდე მეუბნებოდა, საბავშვო ბაღიაო. აბულაძის შექება ცოტა არ იყო. სტიმული მომეცა.

ვირზე შესმული ლიკას კადრების გადაღების დროს, როცა ტალახისგან და წვიმისგან სველდებოდა, მისი ნებით, მხოლოდ მე ამყავდა ხელში და მანქანაში ვსვამდი, რომ სიღნაღის სასტუმროში წაგვეყვანა, სადაც ერთ ნომერში ცხელ აბაზანას იღებდა, რომ არ გაცივებულიყო. ხელში აყვანილი მანქანამდე დიდხანს რომ მეტარებინა, მძღოლს ვეუბნებოდი, მანქანა შორს დააყენე, თორემ საბურავებს დაგიჭრი-მეთქი.

მე მარიტას შინაგანად ვუთანაგრძნობდი, განსხვავებით ლეონიძის შეთესგან, რომელსაც აღწერს: მგლის იერის, ნაცრისფერი სახის ყომრალი კაციო… ზოგადად, მე ვცდილობდი ადამიანური თვისება უფრო წინ წამომეწია, ვიდრე ავტორს ჰქონდა ლიტერატურულ პერსონაჟში ჩადებული.

ერთი კადრია, რომელიც ძალიან მომწონს, მარიტას იდაყვი შეთეს უჭირავს, თან თანაუგრძნობს, თან – ვერ! სოფლის ნების წინააღმდეგ ისიც ვერ წავიდა. შეთე კაცი იქნებოდა, ციციკორეს წინააღმდეგ და სოფლის წინააღმდეგ რომ წასულიყო. მე შეთეს ადგილას, მარიტას ჩაქოლვას არ დავუშვებდი. მარიტას არ უღალატია ქმრისთვის, გააფრთხილა გედია, წადი, თორემ მოგკლავენო. სოფელმა გედიაც მოკლა და მარიტაც. დღესაც ერევა სოფელი პირად ამბებში. არაფერი იცვლება…

რამდენია გასახსენებელი… კიდევ რამდენი როლი დარჩა ლიკას უთამაშებელი.

ნათელი დაადგეს ლიკას სულს!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ფაინენშალ თაიმსი“ – ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები არ თანხმდებიან ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებმაც შესაძლოა, მათი წამყვანი კომპანიები დააზარალოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ხუთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, ტენდენციამ, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინის მხარდაჭერის ოთხწლიან სტრატეგიას, მთელ რიგ ქვეყნებს – მათ შორის, საბერძნეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ავსტრიასა და პორტუგალიას – უბიძგა, ბრიუსელის მიერ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტიდან გამონაკლისების დაშვება მოეთხოვათ ან შემოთავაზებული ზომები სრულად დაებლოკათ.როგორც გამოცემასთან საუბრისას სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატიური წყაროები აღნიშნავენ, წევრი ქვეყნების მოთხოვნებმა გააჩინა შეშფოთება, რომ ევროპა სულ უფრო ნაკლებად არის მზად, მხარი დაუჭიროს სანქციებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობით კვლავაც მოგების მიმღებ ევროკავშირის კომპანიებს აზარალებს.ევროკავშირს სანქციების დაწესება ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია. ვეტოების გამო, გასულ კვირას ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შორის ოთხდღიანი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.„მოლაპარაკებების მაგიდასთან მორალური ვალდებულების განცდა სულ უფრო სუსტდება. დედაქალაქები ერთხმად საუბრობენ მკაცრ რიტორიკასა და სოლიდარობაზე, მაგრამ როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მიდგება საქმე, ეს ერთიანობა ქრება“, – განაცხადა „ფაინენშალ თაიმსთან“ ერთ-ერთმა დიპლომატმა.გამოცემის ცნობით, სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს ზომებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ექსპორტისა და ქვეყნის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ. ასევე მოიცავს მექანიზმს, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო ფასის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების ვეტოების გამო, ამ სისტემის მუშაობაც საფრთხის ქვეშ დგება.„ფაინანშელ თაიმსი“ ასევე წერს, რომ საბერძნეთი სანქციების მთელი პაკეტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირების გაგრძელებასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ დამტკიცდება.პორტუგალიამ და გერმანიამაც მოითხოვეს, სანქციების პაკეტიდან ამოეღოთ რუსული თევზის შესყიდვის აკრძალვა. მათი განცხადებით, ეს აუცილებელია ადგილობრივი თევზის გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდასაჭერად.გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და იტალია, როგორც მსხვილი ტურისტული მიმართულებები, მოითხოვენ, შემსუბუქდეს აკრძალვა, რომელიც უკრაინაში ომში მონაწილე რუსი სამხედროებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემას ეხება.ავსტრიამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა გაყინული რუსული აქტივებიდან ორი მილიარდი ევროს განბლოკვა, რათა ავსტრიულმა Raiffeisen Bank-მა რუსეთში დაკისრებული ჯარიმის კომპენსაცია მიიღოს.

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა დაიწყო-დროა, საქართველო ხვიჩას ოქროს ბურთისთვის გაერთიანდეს!

მოგესალმებით. ის დროა, როცა დიდი საქმისთვის უნდა გავერთიანდეთ...დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელახლა გაგვიჩინა იმედი, რომ ზღაპრული სცენარი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑 კვლავ რეალურია! მოთამაშეების ნაწილი, რომლებიც იყვნენ კონკურენტები ამ ბრძოლაში, ფინალამდე ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ვინც განიხილებოდა ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში, მას არ ჰქონია საოქროსბურთე მუნდიალი.პსჟ აქამდე თავს იკავებდა ოქროს ბურთის კამპანიაზე, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებას ელოდებოდნენ - ვისზე აეწყოთ მხარდასაჭერი სცენარი - ხვიჩა კვარაცხელიაზე თუ უსმან დემბელეზე. ჩემი აზრით, საფრანგეთის წარუმატებლობის გამო, ახლა ევროპის ჩემპიონების კამპანია ქართველის მხარდასაჭერად ჩაირთვება, როგორც 2025/26 წლის სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის.და აქ უნდა ვიყოთ ჩვენც! თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში კვარასთვის მნიშვნელოვანი იქნება. უცხოური ნებისმიერი დიდი გამოცემის პოსტი, რომელიც ხვიჩაზე თუ ოქროს ბურთზე იქნება, კომენტარებში აუცილებლად ბევრი უნდა ვიყოთ და დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი - 𝐊𝐕𝐀𝐑𝐀 𝐁𝐀𝐋𝐋𝐎𝐍 𝐃’𝐎𝐑!კვარას ჰქონდა საოცარი ევროპული სეზონი, ყველა დიდ მატჩში გადამწყვეტი იყო, ჩამოიკიდა ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგის მედალი და ოფიციალური აღიარებაც მიიღო - ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი!ალბათ ვფიქრობდით, რა ცუდია, რომ მუნდიალის წელი მოუწია... თუმცა დასრულებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა იმედები განაახლა!ხვიჩა კვარაცხელია 26 ოქტომბერს ლონდონში ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე გამარჯვებულის სტატუსით უნდა ვიხილოთ! ამ ბრძოლაში თითოეული გადამწყვეტი ვიქნებით, თუ როგორ ვიაქტიურებთ.იწყება თამაში და ჩვენ აქ ვართ!-წერს Geo Team

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული

გერმანიის ელჩმა ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის პირველ რიგში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჯობია, ვიდრე მტრული.„გერმანიის ელჩმა ბატონმა პიტერმა მოახერხა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომ წელიწადნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ,  ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს.სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.ახალი მომსახურებები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, განაცხადი გააკეთონ ახალი წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების, არსებული განრიგის შეცვლისა და გაუქმების მოთხოვნით. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.„საქართველოს მელიორაციის“ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ისე დროებით მფლობელებს. სერვისის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული პირი რეგისტრირებული იყოს შპს „საქართველოს მელიორაციაში“ მომხმარებლად და ჰქონდეს მინიჭებული უნიკალური ნომერი.ახალი სერვისების მიწოდების პროცესს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ადგილზე გაეცნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი ვანო მეჭურჭლიშვილი.ახალი მომსახურების დანერგვით იუსტიციის სახლში მელიორაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი დასრულდა. იუსტიციის სახლი სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომსახურების არეალს მუდმივად აფართოებს.

ბოლო სიახლეები