კვირა, ნოემბერი 24, 2024

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის განცხადებით, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები, შენობაში დაიშვება ტელემაუწყებლების/ტელემედიის საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიის საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი დასულები?! - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა. დეკანოზი გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ გამოქვეყნებულ ქარდს, სადაც წმინდა გიორგი, შუბს ურტყამს შავ წერტილს, რომელიც ოპოზიციისთვის არჩევნების გაყალბების სიმბოლოა. მან აღიშნა, რომ წმინდა გიორგის გაშარჟება აქამდე არავის გაუბედავს როგორც დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, გიორგობის დღესასწაულზე ლოცვაზე დასწრების ნაცვლად, ქრისტიანი ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ. "ჩვენთვის, ჩვენი რჯული არის ყველაზე მთავარი და წმინდა გიორგი ამ რჯულის გამო ნაკუწებად აქციეს, იმიტომ, რომ მან თავისი რჯული არ უარყო. ამიტომ, ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ სხვა ჯიში და სხვა რჯული გვაქვს, ვერ გაიგეს ეს. გუშინ, წმინდა გიორგობის დღესასწაულზე, იმის მაგივრად, რომ ლოცვაზე ყოფილიყვნენ ადამიანები, მიტინგზე იყვნენ. უბრალოდ, ქრისტიანებისგან ვერ ვიჯერებ ამას, გიორგობაა, შაბათის ლოცვა ტარდება და შენ თუ ქრისტეს და წმინდა გიორგის არ შეიყვარებ, ვინ შეგეწევა? წმინდა გიორგის გარდა, ვინ შეგეწევა? ქართველები დღემდე ვინ მოგვიყვანა? რომ არ ყოფილიყო წმინდა გიორგი, დიდგორს, შამქორს, ბასიანს მოვიგებდით? წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გარეშე ჩვენ რამეს შევძლებდით? ვიღაცების იმედი გვაქვს, ჩვენ წმინდა გიორგის იმედი უნდა გვქონდეს, ღვთისმშობლის იმედზე უნდა ვიყოთ. გუშინ ვფიქრობდი, ნუთუ სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგის გაშარჟება არავის გაუბედავს. ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ და დღეს, იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს." - განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ“ – გიორგი ვოლსკი

ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს - სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა, როგორც ამ დრომდე ცნობილია, სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს. "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება - უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის, დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში. "წარსულ გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, 2020 წელს ამბობდნენ ძალიან ხაზგასმით, რომ ისინი იქნებიან სიტყვის გამტეხნი, ე.წ. პუფები, თუ შემოვიდოდნენ პარლამენტში და უარს ამბობდნენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე და ეს არ არის სახელმწიფოს დაფინანსებად წოდებული, შეიძლება იყოს, მაგრამ არსი იმ თანხებისა მომდინარეობს იქიდან, თუ რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. პოლიტიკურ  ველზე პოლიტიკური პარტია უნდა არსებობდეს თავისი პოლიტიკური გეგმით და ამოცანით, ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც ლამობს, რომ რევოლუციური პროცესი განავითაროს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უკვე იმაზე საუბარს, რომ პარლამენტია სწორედ ის პლატფორმა, საიდანაც ნგრევის განხორციელება გაცილებით უფრო ეფექტურად შეეძლებათ", - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი.

პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო

ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შსს-ს დღევანდელი განცხადება არის მუქარა. „ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო. ეს კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას. მუქარაც არაფერში ჯდება. რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს ზურაბიშვილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს“.

გურჯაანში ორმა მამაკაცმა ერთმანეთს ესროლა, გარდაიცვალა ორივე მათგანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 30 წლამდე ასაკის  მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს  ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა, რასაც შურისძიება მოჰყვა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცეველები ამ დროისთვის  იმყოფებიან.

შსს – დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს

24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება. გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად, დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი – ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით. ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები