19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

Read Time:2 Minute, 26 Second

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს.

მაცხოვარმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია სამი: პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ იესო ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას იხილეს, რომ მაცხოვარი „იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე 17, 2). მაცხოვარს გვერდით ედგნენ ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი.

პეტრემ წამოიძახა: „რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ“ (მარკოზი 9, 5-6). შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ და მოესმათ უფლის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე 17, 5).

მოწაფეები შიშით მიწაზე დაემხვნენ. მაცხოვარმა ისინი წამოაყენა და დაამშვიდა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე 17, 7), შემდეგ გააფრთხილა, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, მის მკვდრეთით აღდგომამდე.

მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დროს ადამიანებმა, მისმა სამმა მოწაფემ იხილეს მაცხოვრის ღვთაებრივი დიდება და მარადიული ნათელი, ასევე მოესმათ უფლის ხმა…

ყოველ ქართველს და მართლმადიდებელს ვულოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის სიყვარული ნუ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს! წავიკითხოთ ტროპარი და კონდაკი ფერისცვალებისა და შემდეგ მარკოზის სახარებიდან ეპიზოდი ქრისტეს ფერისცვალების შესახებ.

ტროპარი:

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.

კონდაკი:

მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.

სახარება

მარკოზი 9

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა.

3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

4. და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს.

5. და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს.

6. რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ.

7. და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ.

8. და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა.

9. და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს.

10. და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

11. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

12. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

13. არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა
Next post შალვა კერესელიძემ მორიგი წინასარჩევნო შეხვედრა საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წიწამურის, არაშენდას, საგურამოს და საგურამოს დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გამართა