პარასკევი, ნოემბერი 20, 2026

15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

სასკოლო პროგრამის ათვისება ბავშვებისგან მაღალ გონებრივ აქტივობას მოითხოვს. თანაც ბავშვი იზრდება და ვითარდება, ამიტომ ვიტამინები და ენერგიის წყარო ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
რით შეგვიძლია მშობლებს ამ დროს ბავშვის ორგანიზმს შევეშველოთ? იმისათვის, რომ სასწავლო პროცესმა მათთვის ადვილად ჩაიაროს, აუცილებელია დღის რეჟიმის ორგანიზება და ბავშვის მენიუს სასარგებლო საკვებით გაჯერება. გთავაზობთ 15 ყველაზე სასარგებლო პროდუქტს, რომლებიც გონებას სასწავლო მასალის ათვისებაში დაეხმარებიან.

1. თევზი
უკეთესია, თუ მოხარშულს მიირთმევს. შესანიშნავი ენერგიის წყაროა და კარგად მოქმედებს ტვინზე. თევზზე უარის თქმამ შეიძლება მეხსიერების პრობლემებიც გამოიწვიოს.

2. ხორცი

ხორცში შემავალ ცილებს ვერაფერი შეცვლის. ქათმის, ძროხის, ბატკნის, თიკნისა და ღორის ხორცი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევის პროცესს.

3. კვერცხი
კვერცხში შემავალი ნივთიერებები გონების კონცენტრაციისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა ეს პროდუქტიც ჯობია, რომ მოხარშული მიიღოთ, რადგან შეწვის შემთხვევაში ქოლესტერინის დონე მატულობს.

4. წყალი
მართალია, ისედაც ყველა სვამს ყოველდღე, მაგრამ აქ დღიურ ნორმაზეა საუბარი. მოსწავლეს დღეში 1-1,5 ლიტრი სითხე სჭირდება. ამაში გაზიანი სასმელები, ჩაი და ყავა არ იგულისხმება.

5. წითელი წიწაკა და სუნელები
ბრიტანეთში წითელი წიწაკა სასკოლო ასაკისთვის საუკეთესო პროდუქტად დაასახელეს. თუმცა რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

6. კარტოფილი

მასში

შემავალი სახამებელი გონებრივ აქტივობას უწყობს ხელს. სახამებელი გლუკოზად გარდაიქმნება, რაც ადამიანს ენერგიას მატებს.

7. ნიორი

გარდა იმისა, რომ ტვინს ჟანგბადით ამდიდრებს, ამავე დროს შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამაგრებს იმუნიტეტს. დღეში 2 კბილი ნიორი ვირუსს შანს არ დაუტოვებს. სუნის გასაქრობად კი ბავშვს ოხრახუშის ღერი დააღეჭინეთ.

8. ბროკოლი
მას მოსწავლეების მეგობარსაც ეძახიან, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინის მკვებავს – ვიტამინ k-ს. საერთოდ, კომბოსტოს გონებრივი შრომით დაკავებული ადამიანებისთვის სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ.

9. რძის პროდუქტები

ამარაგებს ორგანიზმს კალცით. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის რძის დღიური ნორმა 500 მილილიტრია.

10. ნაღების კარაქი
ქოლესტერინით შეშინებული დიასახლისები მას გამუდმებით ზეთით ანაცვლებენ. ეს კი სწორი არ არის, მასში შემავალი ცხიმი ტვინისთვის სასარგებლოა. უბრალოდ, სწორად უნდა გამოიყენოთ – მასში შეწვა დაუშვებელია, არც დიდი რაოდენობითაა სასარგებლო.

11. კაკალი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თხილი და კაკალი გონების პირველი სტიმულატორები არიან. ძალიან კარგად მოქმედებენ მეხსიერებაზე.

12. როზმარინი 
ეს მწვანილი ბავშვებს მეხსიერებას უუმჯობესებს.

13. ყურძენი

განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი ყურძენი. ის ტვინის უჯრედების კვებას უზრუნველყოფს.

14. ლიმონი
დაძინებამდე გარკვეული დროით ადრე დალეული ლიმონიანი ჩაი მეხსიერებისთვის სასარგებლოა.

15. თაფლი
ამაღლებს იმუნიტეტს და მეხსიერების წყაროა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ხუთი კი კლინკიკებში გადაიყვანეს.

სულხან თამაზაშვილი – მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს, მუნიციპალურ სამსახურებს, მედიის წარმომადგენლებს

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და, აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.„აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და, პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა მოვლენებისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.

მამა სამსახურში ყოფილა წასული… სამი ბავშვი – სკოლაში…ახალი დეტალები თაიას ოჯახის შესახებ

,,წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს ამ ოჯახის თავს... სწორედ აქედანაა გადარჩენილი თაია.დედა და შვილი დადასტურებულად გარდაცვლილი, ამოცნობილი.და ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.მამა სამსახურში ყოფილა წასული...სამი ბავშვი - სკოლაში.მის გულში ახლა რა ცეცხლი და კაეშანი ტრიალებს, წარმოდგენაც არ მინდა...ვწუხვარ, ვიზიარებ...იმედია, გლოვის დღე გამოცხადდება და ყველა დაგეგმილი გასართობი ღონისძიება გადაიდება.გარდაცვლილებს ეს ვერ გააცოცხლებს, მაგრამ ამით მცირედ მაინც მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას..- სოციალურ ქსელში მომხმარებელილაშა ბერულავა წერს და ფოტოს გვიზიარებს.

ჯარედ კუშნერი – რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში

რუსეთი დავარწმუნეთ უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების აუცილებლობაში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ვიცი, რომ რუსეთში ამ კონცეფციის მიმართ დიდი სკეპტიციზმი და უნდობლობა არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძელით რუსების დარწმუნება ისეთი კონცეფციის აუცილებლობაში, რომლის თანახმადაც უკრაინისთვის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მე-5 მუხლზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა კუშნერმა.მისი თქმით, რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგის განახლება აუცილებელია.„ამერიკის გადმოსახედიდან, ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, ამის განსახილველად პრეზიდენტი ტრამპი მზად არის. თუმცა, ცხადია, ეს აშშ-ის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ასევე, უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს“, - აღნიშნა კუშნერმა.ასევე, კუშნერის განცხადებით, ტრამპი ჩინეთიდან იმ განწყობით ბრუნდება, რომ უკრაინაში „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.„ჩვენთვის წარმატებული შედეგი ომის დასრულების შემდეგ სუვერენული, დაცული, აყვავებული და თავისუფალი უკრაინის არსებობა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება.„საავადმყოფოში მყოფ პირების, განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც წარმოიშობა, უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ფსიქოლოგის თუ ნებისმიერი სხვა სახის დახმარების ჩართვას საჭიროებისამებრ.ველოდებით სამძებრო სამუშაოებს. სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან, რომ ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაწეული იქნას“, – განაცხადა სარჯველაძემ.რაც შეეხება მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.„სხეულზე მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. არ მინდა, წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა, დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.საავადმყოფოში მოთავსებული იყო ერთი ქალბატონი, რომელიც გაეწერა. მას არ ჰქონდა რამე ისეთი სახის დაზიანება, რომელიც საავადმყოფოში დაყოვნებას მოითხოვდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება იყოს გაწეული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამასთან, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა.შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ბოლო სიახლეები