მოლაპარაკებებისას ნათელი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
მისი შეფასებით, გარკვეული თვალსაზრისით, მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.
„ჩვენ ძალიან გვსურს, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს საკითხი მოვაგვაროთ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, თუმცა პრეზიდენტს მაგიდაზე ყველა ვარიანტი აქვს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, გარკვეული თვალსაზრისით კარგად წარიმართა. შეთანხმდნენ კიდევ ერთხელ შეხვედრაზე, თუმცა სხვა მხრივ, სრულიად ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დადგენილ წითელ ხაზებს ირანელები ჯერ არ აღიარებენ და მათ გათვალისწინებას არ ცდილობენ“, – განაცხადა ვენსმა „ფოქს ნიუსთან“.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ირანის მთავრობისგან ელოდება დეტალურ წინადადებას, რათა იმსჯელონ ორი მხარის პოზიციებს შორის არსებულ განსხვავებებზე.
ცნობისთვის, დღეს ჟენევაში აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

