„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მიზანია ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებულია მთელი ცივილიზებული სამყარო და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მკვეთრი პოზიციით გამოხატული.
„დღეს საპარლამენტო ოპოზიციამ წამოვაყენეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა. პირველი საკითხი ეხება საერთო რეზოლუციის მიღებას და შევთავაზეთ უმრავლესობას, დავიწყოთ კონსულტაციები საერთო რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით. ერთობლივი ვიზიტის განხორციელება კიევში მხარდაჭერის მიზნით ძალიან მნიშვნელოვნად გვესახება. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის პარლამენტში საგარეო და უსაფრთხოების კომიტეტზე მოსვლა, რეალურად იმ გამოწვევებზე საუბარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ უსაფრთხოებას აქვს, მათ შორის უკრაინისა და რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების ჭრილში.
ეს არის ვიზიტი და შეხვედრა ელჩთან, რომელიც რეალურად უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, რადგან იცით ჩემი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. მე უკრაინას მივიჩნევ ჩემს მეორე სამშობლოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამაც მკვეთრი პოზიცია დააფიქსიროს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.