უკანონო ნადირობა – კადრები, რომელმაც მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ კლავს ტყეში უცნობი პირი წითელ წიგნში შეტანილ მურა დათვს. ჩანს თოფიც, საიდანაც მან ცხოველს რამდენჯერმე ესროლა.
ფაქტზე, სავარაუდოდ, გამოძიება დაიწყება. გარემოს დაცვის დეპარტამენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.
უწყება სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს, რომელსაც შესაბამის კვალიფიკაციას სამართალდამცავი ორგანოები მიანიჭებენ. მათივე ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, მამაკაცს, დაახლოებით 50 000 ლარიანი ჯარიმაც დაეკისრება.
წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე მურა დათვი თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს. დედაქალაქის ზოოლოგიური პარკის დირექტორი ამბობს, რომ ისინი მათთან მსგავსი შემთხვევების შედეგად მოხვდნენ. უკანონო ნადირობის დროს მარტო დარჩენილი რამდენიმე ბელი მათთან მოქალაქეებმა მიიყვანეს. როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, განსაკუთრებული საფრთხე წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს ექმნებათ.
უკანონო ნადირობა, ცხოველის დატყვევება და ვაჭრობა, საქართველოში როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ასევე ადმინისტრაციული წესით ისჯება. სასჯელის ზომა და ჯარიმის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციებია წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დასაცავად.
გარემოს დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დაარღვიონ კანონი. ზედამხედველობის დეპარტამენტი მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში ატარებს. მუშაობს ცხელი ხაზიც, რომელზეც მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

