შალვა პაპუაშვილი – მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა ინტერესით მოქმედებენ პოლიტიკაში ჩართული ადამიანები, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე ტაბუ არ არის დემოკრატიული

Read Time:2 Minute, 26 Second

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რომ ის ხალხი, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში, რა ინტერესით მოქმედებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ადამიანები თუ ორგანიზაციები უნდა იყვნენ ანგარიშვალდებული იმ ხალხის წინაშე, ვისზეც გავლენას ახდენს მათი გადაწყვეტილება.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მცდელობა, ტაბუ დაედოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე მსჯელობას, რაც არადემოკრატიულია.

„რაც შეეხება კანონს, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ, ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს თემის ცენზურა. საკვირველია, როდესაც საუბარია გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხისთვის ტაბუს დადებას, რაც, ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია. ამაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი როგორც თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს. საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ იმ ხალხზე, ვინც მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში და გავლენას ახდენს ადამიანზე, ჰქონდეს ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური სახის თუ სხვა. ეს არის ელემენტარული ნორმა, რომელსაც ექვემდებარებიან პარტიები, რომლებიც ადეკლარირებენ სრულად ყველა შემოსავალსა და გასავალს. ესენი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები თუ საჯარო მოხელეები, რომლებიც საკუთარ პირად ქონებას, შემოსავალს ადეკლარირებენ და იცით, რომ ეს გამჭვირვალეა. ეს არის პრინციპი, რომელიც  ყველა ქვეყანაშია. ამას შეიძლება, სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. აშშ-ში ე.წ. FARA (Foreign Agents Registration Act). რომ არა ამერიკული გამჭვირვალობის კანონმდებლობა, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ გვეგონებოდა, რომ სტატიები შეიძლება, ბუნებრივად იბეჭდება, ინტერესის გამო. არასწორია იმაზე საუბარი, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია ეს. ამ საკითხის სხვადასხვა გადაწყვეტა არსებობს. შეიძლება, იყოს ამერიკული მიდგომა, შეიძლება, იყოს სხვა მიდგომა. მაგალითად, გერმანიაში არის ლობისტების რეესტრი. გერმანიის ლობისტების რეესტრში რეგისტრირებულია გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობის ფილიალი. ყოველწლიურად ფინანსურ ანგარიშსაც წარადგენს და მათ შორის უფრო მკაცრიც არის, როდესაც ნებისმიერი შეხვედრა, კონტაქტი დეპუტატთან, ასეთი ორგანიზაციის მხრიდან უნდა იყოს დეკლარირებული.

ინტერესი არ გულისხმობს რაიმე ბოროტ განზრახვას – პარტია რომ ადეკლარირებს, ვინ არის მისი შემომწირველი, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია, თუ ვიღაც ფულს შესწირავს პარტიას. ჩემი მოწოდება იქნება, რომ ანტიდემოკრატიულია საკითხებისთვის ტაბუს დადება. მეორე – გასაგებია, რომ არის სენსიტიური საკითხი და გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, მაგრამ ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება, ცუდად იქნას გამოყენებული. ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემების პრობლემა. საქართველოს როდესაც ადარებენ რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არ არის საუბარი.

უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი საკითხი – უნდა იყოს თუ არა ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებასა და მიღებაში და გავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მოქალაქეთა ცხოვრებაზე. აქ პასუხს თავად ამ ორგანიზაციების ეთიკაც კი აჩვენებს, როდესაც ნაწილი ასაჯაროებს და ამ ანგარიშვალდებულების პრინციპს მიჰყვება. მეორე საკითხია, რა ფორმით უნდა იყოს, რა სისტემა უნდა არსებობს, ამერიკული, გერმანული თუ სხვა. თუმცა, არის მცდელობა, ტაბუ დაედოს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე მსჯელობას. მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა, არაერთხელ სწორედ ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ მათი წარმომადგენლები სამართალდარღვევად ცნობილი და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებული. ვიცით, გარკვეული განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებოდა, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ არის მათი დამფინანსებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო
Next post გრეტა წიწავა: „კანიბალები ვეგეტარიანლობენ“ – „ნაცმოძრაობა“ თავისი პოლიტიკური ბუნებით და წარსულით არის პარტია, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი