შალვა პაპუაშვილი – ამ დღეებში ვიხილეთ დეზინფორმაციის, პროპაგანდის დახვეწილი ტალღა, რომელიც გავრცელდა კანონპროექტის გარშემო, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, როდესაც რუსულ კანონად დაიბრენდა

Read Time:2 Minute, 48 Second

ამ დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, ეს იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძალიან დახვეწილი ტალღა, რომელიც გავრცელდა კანონპროექტის გარშემო, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, როდესაც რუსულ კანონად დაიბრენდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს როდესაც ვაკავშირებით რუსეთთან, ამით პირდაპირ მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი, რამაც, საბოლოო ჯამში, აგრესია მოიტანა.

„პირველ ყოვლისა, აქციებს რაც შეეხება, რამდენიმე მომენტს ალბათ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოებაც დაფიქრდეს. სამწუხაროდ, ამ დღეებში ვიხილეთ ისეთი სახის ძალადობა, რომელიც, მე პირადად, არც კი მახსენდება ქართული აქციების ისტორიიდან, როდესაც მოლოტოვის კოქტეილები იქნა გამოყენებული, მათ შორის პარლამენტის შენობაში. მნიშვნელოვანია, საზოგადოება დაფიქრდეს, საიდან მოდის ეს აგრესია აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან და ამას სჭირდება დროული გამიჯვნა, დაგმობა და ანალიზი, რომ ზოგადად აქციები არის დემოკრატიის თანმდევი პროცესი ყველა ქვეყანაში, სხვაგანაც ვაკვირდებით, თუმცა ქართული კულტურა მაინც გულისხმობდა, რომ არ ყოფილიყო აგრესია.

საიდან მოდის აგრესია ვერ გეტყვით. მათ შორის იცით, რომ დაკავებულები იყვნენ, შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები გამოიძიებენ, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსების ძალიან ცუდი ჩარევა ამ პროცესში. ფაქტობრივად, მათი ორგანიზებით იყო, როცა დაიწყო ძალადობრივი ქმედებები, როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა პარლამენტის პიკეტირებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში, მოჰყვა ძალადობა.

რაც შეეხება თავად აქციას, აქაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვფიქრობ, რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დახვეწილი ტალღა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო. ფაქტობრივად, პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, ინიცირებულიც კი არ იყო პროექტი, როდესაც ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი. ძალიან საინტერესოა, თუკი მიადევნებს მაყურებელი თვალს, ვისგან წამოვიდა, როგორ განვითარდა, ეს ტერმინი როგორ დამკვიდრდა, რა კონტექსტში იყო გამოყენებული, ფაქტობრივად, ზიზღის გამაღვივებელი ტერმინი. ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამით პირდაპირ ვქმნით მტრის ხატს. მტრის ხატი იქმნება და შესაბამისად, ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღისა და სიძულვილის ობიექტი და ამანაც მოგვიტანა საბოლოო ჯამში ის აგრესია, რომელიც ამ აქციაზე იყო. გამოიწვიეს სიძულვილი ახალგაზრდობაში და ჩვენ ვნახეთ, რომ თინეიჯერები იყვნენ განსაკუთრებით ჩართული. ფაქტია, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი პროპაგანდისტული სვლა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის შინაარსი იყო, რომ ყველა, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში, საზოგადოებისთვის ყოფილიყო გამჭვირვალე.

„ყველაზე მარტივი პროპაგანდა მაშინ არის, როდესაც რაღაც მარტივ სლოგანამდე დადის და ამ შემთხვევაში, ეს მოახერხა სწორედ ოპოზიციის რადიკალურმა ჯგუფმა, რომ დაებრენდათ როგორც რუსული კანონი. არადა შემდეგ ყველამ ნახა, როგორც კი შინაარსში შედიოდა განსჯა, იქ პირდაპირ იბლოკებოდა ნებისმიერი დისკუსია, მიდიოდა სკანდირება „არა რუსულ კანონს“ და ასე შემდეგ. ისიც კი მოახერხეს, რომ ხალხს დააჯერეს, თითქოს ამერიკული კანონი, რომელიც სიტყვა-სიტყვით იყო ნათარგმნი ინგლისურიდან, იმაზეც კი ათქმევინეს, რომ არის რუსული კანონი. ეს რომ არ იყო გულწრფელი პროტესტი და იყო სწორედ პროპაგანდისტული ხაზი ოპოზიციის მხრიდან, ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც ამ პროექტის პირველი მოსმენით განხილვა იყო. ჩემი გადმოსახედიდან ჩანს დარბაზი და როდესაც მამუკა მდინარაძე გამოდიოდა, ოპოზიციის ნაწილი ხელების ბრახუნით აპროტესტებდა და ძალიან კარგად ჩანდა ის ღიმილი, რომელიც სახეზე ჰქონდათ. ამით ჩანდა, რომ ეს პროტესტი იყო იმდენად ყალბი, რომ საკუთარ ღიმილსაც ვერ მალავდნენ.

შედეგს რაც შეეხება, ვფიქრობ, შედეგი მაინც იმ მხრივ დადგა, რომ ემოციები როდესაც დაცხრება, საზოგადოება დაფიქრდება იმ შინაარსზე, რომელიც ამ იდეაში იდო. შინაარსი იყო იმაზე, რომ ყველა, ვინც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, მათ შორის ის ფინანსური ინტერესები, რომელიც მათ უკან დგას. დღესდღეობით სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში. პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა არის სრულად უზრუნველყოფილი, აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე დევს, საჯარო მოხელეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები არის საჯარო. ერთადერთი სეგმენტი, ვისი ფინანსებიც არის დახურული, არის არასამთავრობო ორგანიზაციები და სწორედ ეს ორგანიზაციები არიან ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი არ და ვერ იქნება მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზება და მით უმეტეს, ყოვლად მიუღებელი ეპითეტები
Next post ირაკლი ჩიქოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული გამჭვირვალობაზე