„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები ხალხი ქართველები არიან გენეტიკით, ისტორიით, კულტურით. ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ როკის გვირაბის აშენებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორი სტეპის ყაჩაღი ხალხი გააერთიანა საქართველოს ტერიტორიაზე.
„ბიბილოვის პირით პუტინმა განაცხადა, რომ „მე ვიერთებ ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ანუ ცხინვალის რეგიონს“. ბიბილოვი თუ არ იქნებოდა იქ, იქნებოდა პუტლერი ან გაჯიევი და იმავეს ათქმევინებდნენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა პუტინს უნდა, რომ იმპერიის გაფართოებაში ჩაიწეროს ქულები უკრაინის გახლეჩვამდე და სრულ ოკუპაციამდე. ვინაიდან, იქ ხალხი ფსიქოლოგიურად ელოდებოდა ბლიცკრიგს უკრაინაში და ეს ვერ მიიღეს. დინოზავრს საკვები უნდა, სხვა შემთხვევაში იმპერიას მოშივდება. 10 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ე.წ. ცხინვალის რეგიონში. ამის შემდეგ ბიბილოვსაც აწყობს ამ მიმართულებით წავიდეს არჩევნებზე და ხმები მიიმატოს.
შევარდნაძე მარტო იმიტომ უნდა ამოთხარო საფლავიდან, რომ 1984 წელს როკის გვირაბი გათხარა და ორი სტეპის ყაჩაღი ხალხი გააერთიანა საქართველოს ტერიტორიაზე. ეგ გვირაბი რომ არ ყოფილიყო, ესენი ისხდებოდნენ მშვიდად. მიდიოდა მათი გაქართველება. არაფერი განსხვავება არ იყო ქართველებსა და ე.წ. სამხრეთ ოსებს შორის. როგორ შეიძლება დეკანოზოვი იყოს ოსი, დეკანოზიშვილია… ქართველებია ეს ხალხი, გენეტიკით, კულტურით, ისტორიით. ის გვირაბი რომ გათხარა შევარდნაძემ, იმ მაოხრებელმა გზირმა, აი, იმ გვირაბიდან შემოძვრა ყველა ეს უბედურება და ის გვირაბი არის ასაფეთქებელი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

