ქართულმა ფრენჩაიზმა, ,,შავმა ლომმა,” ავჭალის სტადიონზე გამართულ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში, ისრაელის ,,თელ ავივ ჰითი” 29:17 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
,,შავმა ლომმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ანგარიში ლუკა მატკავას მიერ შესრულებული ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა. პირველ ტაიმში ქართულმა ფრენჩაიზმა მეტოქეს 3 ლელო დაუდო.
,,შავმა ლომმა” ჯერ საჯარიმო ლელო გაიტანა, მოგვიანებით კი თავი დემურ თაფლაძემ და ლაშა ხმალაძემ გამოიჩინეს. გუნდმა სანაცვლოდ მეტოქისგან მხოლოდ ერთი ჯარიმა გაუშვა და პირველი ტაიმი 22:3 მოიგო.
მეორე ტაიმიც ლუკა მატკავას ლელოთი გაიხსნა და ქართული ფრენჩაიზი 29:3 დაწინაურდა, რის შემდეგაც გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა შეამცირა. ,,თელ ავივ ჰითმა” გაიბრძოლა, 2 ლელოც გაიტანა, თუმცა მეტი ვეღარაფერი მოახერხა და შედეგად, ,,შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.