ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ დაანონსა

„სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე. ეს საქმე ქართულ რეალობაში გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება. შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა. სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს ამ საქმის, ამ გაკვეთილის არასწორი ინტერპრეტაცია. სანდროს მკვლელობიდან ზუსტად 12 წლის თავზე, საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ, გაბედა და გარდაცვლილის ოჯახის, ქართველი ერის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. მან სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას, საზოგადოების რეაქციას წარმოუდგენელ უსამართლობაზე, პოლიტიკური ცირკი უწოდა. ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა, როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება. სამწუხროდ, ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა. სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი. ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა. ამიტომ, ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთის მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი. რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს. ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ევრონიუსი“ – ევროკავშირი მზადაა, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის მიღების გამო ისრაელს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი მზადაა, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის მიღების გამო ისრაელს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ სტატიას „ევრონიუსი“ ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, უკრაინასა და ისრაელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ქალაქ ჰაიფას პორტში გემი ჩავიდა, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა.„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირმა გააფრთხილა ისრაელი, რომ მზად არის, სანქციები დაუწესოს მათ, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარული უკრაინული მარცვლეულით ვაჭრობას უწყობს ხელს.„ევროკავშირმა გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემს, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელმა ჰაიფას პორტში გადმოტვირთვის უფლება მისცა, მიუხედავად უკრაინისა და ისრაელის ხელისუფლებას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტებისა. ჩვენ ვგმობთ ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის უკანონო საომარი ძალისხმევის დაფინანსებას და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას“, – განუცხადა ევროკომისიის სპიკერმა „ევრონიუსს“.ცნობისთვის, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ჰაიფაში ჩასვლამ უკრაინასა და ისრაელს შორის დაძაბულობა გაამწვავა. გემს, სახელწოდებით „პანორმიტი“, სავარაუდოდ 6 200 ტონაზე მეტი ხორბალი და 19 000 ტონა ქერი გადაჰქონდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ისრაელს, უარი ეთქვა რუსული გემის მიღებაზე და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროპელებთან კოორდინაციით დაიწყებს „შესაბამისი სანქციების“ მომზადებას იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც „ამ დანაშაულებრივი სქემიდან მოგებას მიიღებდნენ“.

ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ

კანადის ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ფიფა-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ.საქართველომ და სომხეთმა ფიფა-ს 2029 წლის 20-წლამდე მსოფლიო თასის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს.ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო თასი 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი მონაწილეობს.აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, ფიფას-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად უმასპინძლებს.მასპინძელი ქალაქების, სტადიონებისა და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.ლევან კობიაშვილი – „აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ფიფა-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა“.

ბექა ნაცვლიშვილი – დიდი საბალანსო ჰესები თუ აშენდება, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საპენსიო ფონდს დღესაც შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები, რომლის საფუძველზე განხორციელდება მშენებლობა

საბალანსო სიმძლავრები თუ გვჭირდება, ამას ვიზიარებ და თუ, მაგალითად, „ნამახვანჰესი“ აშენდება ან სხვა დიდი საბალანსო ჰესები, რომლებიც კაშხლური ჰესებია, მაშინ ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, – განაცხადა პოლიტეკონომისტმა, „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.„მე ეს არაერთხელ მქონდა შეთავაზებული პარლამენტში, როდესაც დარგობრივი კომიტეტის წევრიც ვიყავი. მე ვთქვი, რომ ეს უნდა გაეკეთებინა საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდს დღესაც შეუძლია, გამოუშვას ობლიგაციები, ობლიგაციების საფუძველზე განხორციელდეს მშენებლობა და შემდგომში უკვე თვითონ ჰესმა გამოსცეს აქციები, რომლის საფუძველზეც იმ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხით არა მხოლოდ დივიდენდების სახით გამდიდრდებიან ჩვენი პენსიონერები, არამედ, რაც უფრო მთავარია, ეს ფული, რომელიც საპენსიო სისტემაშია ორიენტირებული, უცხოეთის ბიზნესს და ეკონომიკას კი არ დააფინანსებს, დააფინანსებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ასეთ მოდელებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.მისი თქმით, როდესაც საუბარია ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, არ იცის, მაგალითად, რა ურთიერთობა არსებობს რეალურად პარტნიორ ქვეყნებთან.„რას გვეუბნებიან ისინი, მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფებზე, გაზის ტარიფებზე, გაზის, უბრალოდ, ნაკადების მოწოდებაზე და ა.შ. შეიძლება, ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, მე ხომ არ ვიცი და ეს შეიძლება, მთავრობას უბიძგებს იქითკენ, რომ მართლაც იფიქრონ, ვთქვათ, საკუთარი გენერაციის წყაროებზე. ეს არ ვიცი, მაგრამ ეს ასე ცხადად არ ჩანს. აქედან გამომდინარე, შავ ყუთში რა ხდება, არ ვიცი. თუ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გავხდეთ თვითმყოფადი, ავტარქიული ქვეყანა ეკონომიკურად, მაშინ არა მხოლოდ ენერგოდამოუკიდებლობაზე უნდა ვიზრუნოთ, ენერგოუსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში, არამედ სასურსათო უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, როდესაც საუბარია ხოლმე იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება და მზარდი ეკონომიკა ითხოვს მეტ ენერგეტიკას, ცხადია, ენერგეტიკის გარეშე ეკონომიკა ვერ ფუნქციონირებს, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რა დარგები ვითარდება.„სახელმწიფოს აქვს რამე სტრატეგია, სადაც მე, როგორც მოქალაქეს, მექნება წარმოდგენა, რა დარგებს ავითარებს? ავითარებს, მაგალითად, ე.წ მაინინგს, დატა ცენტრებს და ასე შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, შეიძლება, მაგრამ დასაქმების მაჩვენებელია ძალიან დაბალი, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონებშია და რომელსაც არანაირი ეკონომიკური სარგებელი რიგითი მოქალაქისთვის საქართველოში არ აქვს; ცდილობს, განავითაროს ეს სექტორი თუ ცდილობს განავითაროს, მაგალითად, დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც მაღალი დამატებითი ღირებულება იქმნება, ადამიანები საქმდებიან, კომპეტენციის საჭიროება ჩნდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.ბექა ნაცვლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ქარის და მზის ენერგიის, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება არ მომხდარა.„განვავითარეთ ჩვენ ქარის ან მზის ენერგია, წინ წავიწიეთ? არა. ჩვენ გვინდა, აუცილებლად მივიდეთ სადღაც, რაღაც ჩავაბეტონოთ და ა.შ. ჩვენ გენერაცია როდის გჭირდება ხოლმე, როდის არის დეფიციტი? ეს არის ზამთრის პერიოდი, შემოდგომა-ზამთრის, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი სწორედ ქარი არის ყველაზე საინტერესო ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ვარდნა, ანუ ფრუქტაცია ქარს ბევრად უფრო დაბალი აქვს, ვიდრე ამ შემთხვევაში წყალს. მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და, უბრალოდ, რომ ჩვენ გვინდა, 2030 წელს ენერგოდამოუკიდებელი გავხდეთ, ასე მარტივი არ არის, ბევრი რაღაც არის“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გია ვოლსკი – ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია

ბრიუსელსა და თბილისს შორის აზრთა სხვადასხვაობა თუ არსებობს, ეს არ ნიშნავს, ხალხს დაემუქრო, რომ სისხლისღვრა, ეკონომიკური ნგრევა, სიბნელე და განვითარების პერსპექტივის არქონა გარდაუვალია. ეს მუქარაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ელჩის მუქარაზე ერთადერთი რეაგირება შეიძლება ყოფილიყო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.„რასაკვირველია, ეს პოლიტიკური დემარშია, მაგრამ ამ დემარშს, არ შეიძლება, მოჰყვეს უშინაარსო საპასუხო განცხადება, მიზეზი კონკრეტულად უნდა ითქვას. რა მიზეზია საიმისოდ, მთელ ხალხს და საქართველოს რომ ჰპირდება, იქნება ბნელი პერიოდი, რომელიც უკან, 90-იან წლებში გაცილებით მძიმე ფორმებით დაგვაბრუნებს. თუმცა საკითხავია, 90-იანებში დაბრუნებას გულისხმობდა თუ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება და მოკვდინება ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც ჰერჩინსკის, არც მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით განცხადება არასდროს გაუკეთებია. აქედან უნდა დავასკვნათ, რომ დაპირისპირება არ წარმოადგენს იმ რეალობის პასუხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიების მიერაა შეფასებული. საქართველო მოწინავეთა შორისაა და არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ აქ შავბნელი პერიოდი დადგება, ადამიანები ერთმანეთის სისხლს დაღვრიან. რაც უნდა თბილი სიტყვებით იყოს შეზავებული ეს განცხადება, აშკარა მუქარაა და ამ მუქარასთან დაკავშირებით ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ამის შემდეგაც ვერ მოვისმინეთ რაიმე არგუმენტირებული პასუხი, რომ, მაგალითად, უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა შავი ფულის შემოდინების პრევენცია, ჩვენს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა, ლმობიერები უნდა ვიყოთ თუ არა ადამიანებთან, რომლებიც ცეცხლს ხსნიან შუა ქუჩაში და სახელმწიფოს ყველაზე ბრუტალური ფორმებით ესხმიან, რაც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ეს თუ ევროკავშირის მოთხოვნაა, ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი კომენტარებია საჭირო. გამჭვირვალობაში ცუდი რა არის, რა არის ცუდი იმაში, რომ ჩვენ არ გვინდა, სამედიცინო ჩარევა მოხდეს სქესის შესაცვლელად ან დაშვებული იყოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება? რა არის ცუდი იმაში, რომ სახელმწიფო თავს იცავს მაშინ, როდესაც რევოლუცია დაფინანსებულია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ჰერჩინსკის წარმომადგენლობის მიერ? ეს არის ის, რის გამოც ჩვენ უნდა დავისაჯოთ და საქართველოში სისხლის გუბეები დადგეს? ჰერჩინსკიმ ამაზე უნდა გაგვცეს პასუხი და ამ მიმართულებით თქვენ შესაბამისი შეკითხვებიც უნდა დაუსვათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იყო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა, რომ დიპლომატიური უწყება რეაგირების გზებს გამოიყენებდა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ავლაბრის რეზიდენციაში 27 აპრილს შეხვდა.შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.

მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს მიმართა – ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით

ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა თეთრ სახლში, სახელმწიფო ვახშამზე აშშ-ის კოლონიური წარსულის შესახებ წარმოთქმულ ხუმრობაზე საპასუხოდ განაცხადა.ჩარლზი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის კომენტარს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატების გარეშე ევროპელების უმეტესობა დღეს გერმანულად ისაურებდა.„მართლაც, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროპული ქვეყნები გერმანულად ილაპარაკებდნენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით“, – განაცხადა მან.ამასთან, მეფემ დაამატა, რომ საფრანგეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.„რა თქმა უნდა, ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენი ფრანგი ბიძაშვილები“, – განაცხადა მონარქმა.

ბოლო სიახლეები