საქართველოს კათოლიკოს-პატრიართქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით.
მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.