უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტულნი.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შუამავლებს ტყვეების გათავისუფლებაში დახმარებისთვის, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საზღვაო ძალების, სადესანტო-მოიერიშე ჯარების, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.
ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.