ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026

ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა. მუდმივი გამეორება, რომ აქამდე იყო უკუნი და ახლა მოდის სინათლე

„ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა. მუდმივი გამეორება, რომ აქამდე იყო უკუნი და ახლა მოდის სინათლე, თავისუფლება და ოქროს ხანა, პოლიტიკური უგემოვნებაა და ფაქტობრივად არასწორია (ამერიკა აქამდეც საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, სხვა ქვეყნებთან შედარებით). არც საკუთარ თავზე, როგორც მარტვილზე და ღმერთისგან გამომგავნილ მხსნელზე ლაპარაკია საუკეთესო სტილი.
მაგრამ ესაა ტრამპი და ამას შევეჩვიეთ. პოპულიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს არ მომწონს, მაგრამ მხოლოდ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. მთავარია, ამერიკის პრეზიდენტი რა პოლიტიკას გაატარებს.
რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს, დაპირებებს, ზოგი იყო საკმაოდ უცნაური („პანამის არხს დავიბრუნებთ“ – როგორ?) და ინფანტილური („მექსიკის ყურეს“ გადავარქმებთ და „ამერიკის ყურეს“ დავუძახებთ).
სამწუხარო იყო, უკრაინაზე რომ არაფერი თქვა, თუმცა იმედის მომცემი იყო, რომ არც გრენლანდია და არც კანადა არ უხსენებია.
მაგრამ მთლიანობაში, რიტორიკულ გადაჭარბებებს თუ არ ჩავთვლით, კონკრეტული პროგრამული დაპირებების უმრავლესობა ცუდი სულაც არ ყოფილა. არ ვიცი, რას ნიშნავს „საგანგებო მდგომარეობა საზღვარზე“, მაგრამ საზღვარი რომ სერიოზულად მისახედია, ცხადია. ასევე არ ვიცი, რაც ნიშნავს “საგანგებო მდგომარეობა ენერგეტიკაში” – მაგრამ ენერგეტიკის განვითარებასა და ამისთვის მისი ზედმეტი რეგულაციებისგან განთავისუფლებაში არასწორს ვერაფერს ვხედავ. სიტყვის თავისუფლება რომ დასაცავია და სახელმწიფო რომ გულგრილი უნდა იყოს კანის ფერის მიმართ (color-blind) და ადამიანებს მხოლოდ მათი უნარებით და დამსახურებით არჩევდეს, ესეც სწორია. და ა.შ.
მის სიტყვაში ერთი გამოთქმა მომეწონა: “revolution of common sense”, “საღი აზრის რევოლუცია“. რეალობა ისაა, რომ დემოკრატები აღიქმებოდნენ პარტიად, რომელიც საღი აზრის ფარგლებს გაცდა და ექსტრავაგანტულ და ანტილიბერალურ იდეოგოგიებთან („ვოუქიზმს“ რომ ეძახიან) გაიგივდა. თუმცა ტრამპი უამრავ უცნაურობას და ხანდახან სისულელეს ამბობდა, დემოკრატებთან შედარებით მან მაინც შეძლო, თავი საღი აზრის მხარედ წარმოედგინა. ამიტომაც მოიგო.
ჩვენთან ზოგი ტრამპს ჩვენს ქოცებს ადარებს, რაც, ჩემი აზრით არსებითად არასწორი და პოლიტიკურად არაპროდუქტიულია. ტრამპის ფანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ის პრინციპულად სხვა ტიპის მოვლენაა. ეს ქოცებს უნდათ, ტრამპის თანამოაზრეებად წარმოაჩინონ თავი და “შეეტენონ” – მათ ამაში არ უნდა დავეხმაროთ.
დაბოლოს: რაც ტრამპის წინა პრეზიდენტობიდან ვისწავლეთ, მისი გამოსვლებიდან გამომდინარე მის პოლიტიკურ ქცევას ადვილად ვერ გამოვიცნობთ. უნდა მოვიცადოთ, ამჯერად რას იზამს“, – წერს გია ნოდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.უფრო კონკრეტულად, ლილუაშვილს ედავებოდნენ, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც, ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.გრიგოლ ლილუაშვილს ასევე, ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.სუს-ის ყოფილ უფროსსს, ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება სხვა მოწმეებთან ერთად, მიცემული აქვს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს. ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა  97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას“, – აღნიშნა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე ტაბატაძე – მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღევანდელი მოხსენება უფრო პროფესიული მიმართულებით იყო წარმოდგენილი, მის მოხსენებაშიც ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ძალიან შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ უწყებაში წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და თითქმის ყველა გამოწვევა იცის, ნაფიქრი აქვს ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს.„დიდი იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამსახურის განვითარებისა და იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც დაგეგმილი აქვთ. ვუსურვებ, რომ ეს მოვალეობა სწორედ თავისი უფლებამოსილების ვადებში შეასრულოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ცვლილებები სისტემისთვის კარგი არ არის, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ მათ ასე აქვთ განსაზღვრული. მთავარია ერთი რამე – დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩვენს გუნდს აქვს ის შესაძლებლობები და ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მეშვეობითაც როტაცია ყოველთვის ხდება. ჩვენ ყოველთვის ვანაცვლებთ კადრებს იმ იმედით, რომ ესა თუ ის მიმართულება უფრო გაძლიერდება. ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს“, – განაცხადა ტაბატაძემ.სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში დღეს მოუსმინეს.

„ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო… მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით…“ – კახა კალაძემ საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მთავრობის სხდომა დღეს ემოციურად დაიწყო. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და დედის სიყვარულზე ისაუბრა.„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო... მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ...“,- თქვა კახა კალაძემ.

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე საგამოძიებო დეპარტამენტის რეგიონული სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.„მერაბ გამყრელიძემ რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა დანაშაულის გამოვლენისა და ეფექტიანი გამოძიების, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. საგამოძიებო სამსახურის უფროსის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი რეგიონებში საფინანსო- ეკონომიკურ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, მისი დროული გამოვლენა და ხარისხიანი გამოძიებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამსახურის სამომავლო პრიორიტეტები და რეგიონული დანაყოფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებები. სამსახურის უფროსმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა და საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.სამუშაო შეხვედრას საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები