ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ დაინახა იმის ნიშნები, რომ ჩინეთი განიხილავს და შესაძლოა გეგმავდეს რუსეთისთვის იარაღის გაგზავნას.
„ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ჩინეთიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ იმის ნიშნები, რომ ისინი ამას განიხილავენ და შესაძლოა გეგმავდნენ ამას და ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეები ძალიან მკაფიოდ აფრთხილებენ [პეკინს] ამის შესახებ. ჩინეთმა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთის უკანონო ომს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
22 თებერვალს, პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
20 თებერვალს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის.
გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.