შაბათი, მარტი 21, 2026

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II საშობაო ეპისტოლე

 

,,ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, მოგმართავთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო!

აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი“, დღეს იშვა ის, „ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.

მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმინდა დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:

იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.

ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში – სიხარული; გაცემაში – შეძენა და დათმენაში – გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…

შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული – წმინდა მარიამი.

გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);

გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;

გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.

უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა განმავლობაში მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილს და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.

ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც, საპყრობილეთა შინა მყოფთ – თავისუფლების სიხარული, უსამართლოთ – სამართალი, მშიერთ – პური, შიშველთ – სამოსელი, უპავართ – სარჩო-საბადებელი, კეთილად მუშაკთ – ღირსი სასყიდელი…

ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.

განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.

აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ „შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.

გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.

არ განგვეშორო, დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:

დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)

დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)

დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)

გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).

და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.

„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი),
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე საბა გიგიბერია: აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა: უფალი მანამდე არ წამიყვანს, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავაო...

მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.„ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები - არ მეშინია ამ სიტყვების თქმის, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს, „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა, „მე უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პატრიარქის პირობა, აწ უკვე აღსრულებული - „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა სიტყვა შეუსრულებელი დატოვა“, - განაცხადა მეუფე საბამ.

უკვე რამდენიმე დღეა, ორი მდინარე მიედინება თბილისში -მტკვარი და ხალხის ნაკადი სამების ტაძრისკენ-ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი, სოციალურ ქსელში  ემოციურ წერილს აქვეყნებს

უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ორი მდინარე ; პირველი — მარადიული მტკვარი, რომელიც მაღალი მთების ძირში იღებს სათავეს და მდორედ მოედინება; მეორე — ხალხის ნაკადი, რომელიც პატივის მისაგებად ქალაქის ქუჩებიდან, უბნებიდან და მოედნებიდან უწყვეტად მიედინება თბილისის შემაღლებული ადგილისკენ — წმინდა სამების ტაძრისკენ. ხალხის ეს ნაკადი მხოლოდ ერთობლივი მოძრაობა არ არის; ეს არის ღრმა რწმენის, ერთგულებისა და იმ კავშირის გამოხატულება, რომელიც ხალხსა და მათ სულიერ წინამძღოლებს შორის არსებობს. თითქოს დრო წამით შეჩერდა, რათა ხალხმა მდუმარე დიდებულებით გამოხატოს მადლიერება წლების განმავლობაში მიღებული სულიერი წინამძღოლობის, მოთმინებისა და სიბრძნისთვის. ამ დღეებში თბილისი მხოლოდ ქალაქი არ არის; იგი სარკედ იქცა — სარკედ, რომელშიც შესაძლებელია ერის ნამდვილი სახის დანახვა. ეს ერი მწუხარების ჟამს უფრო მეტად ერთიანდება და რწმენის მეშვეობით აღმოაჩენს საკუთარ მისიას. ეს ორი მდინარე — ერთი წყლისა და მეორე ხალხის —სიცოცხლეზე მოგვითხრობს: ერთი ბუნების მარადიულობის შესახებ, მეორე კი — სულის უკვდავებაზე. ეს ჩვენთვის, ირანელთათვის, რომელთაც არაერთხელ გაგვიცილებია ბოლო გზაზე ჩვენი სულიერი ლიდერები, ნაცნობი რამ არის-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.

„სიენენი“ – ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული

ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული.„სიენენის“ ცნობით, მათ შორის არის ოჯახი, რომელმაც ავიაიერიშის შედეგად ხუთივე შვილი დაკარგა.როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, ისინი სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც იერიშებს, საერთო ჯამში, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რუმინეთის პატრიარქი – ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს

ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს სამძიმარს უცხადებს.საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 17 მარტით დათარიღებულ სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი.„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობანო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს.რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11, 25), განსვენება მიანიჭოს პატრიარქ ილია II-ის სულს მისი საყვარელი წმინდანების სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება თაობიდან თაობამდე“, – ნათქვმია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, დანიელის სამძიმრის წერილში.

ჩემთვის მართლაც წმინდანია… ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია… – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი პატრიარქზე

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი იხსენებს.იგი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მისთვის მართლაც წმიდანია და დარწმუნებულია, რომ მალე ეკლესია პატრიარქს წმინდანად შერაცხავს.„მასზე ამბობენ, რომ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია... ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია...როდესაც სწირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათმოყვარე, მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა... მჯერა, პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას“, - აღნიშნავს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი.ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები