პარასკევი, მარტი 13, 2026

საქსტატი – 2025 წელის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 12.9 პროცენტით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს

რკინიგზით გადატანილია 1.4 პროცენტით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5 პროცენტი მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე, რაც არ მოიცავს ტრანზიტს, ხოლო 58.1 პროცენტი — ტრანზიტზე.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3 პროცენტი მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7 პროცენტი კი — ქვეყნიდან გატანილზე.

უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.0 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1 პროცენტის გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო, ჯამურად 38.9 პროცენტი.

2025 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6 პროცენტისას — ყაზახეთი, 6.3 პროცენტისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო, ჯამურად 60.0 პროცენტი.

2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2 პროცენტი — ნიდერლანდები, 10.0 პროცენტი — თურქეთი, 7.2 პროცენტი — ჩინეთი, 2.9 პროცენტი — იტალია, 2.4 პროცენტი — უკრაინა, 0.7 პროცენტი — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6 პროცენტისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7 პროცენტი მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6 პროცენტი — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6 პროცენტი — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

2025 წლის მესამე კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8 პროცენტი ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2 პროცენტი ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.0 პროცენტი — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები, ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები, სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები, ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი, ძირითადი ლითონები და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9 პროცენტი), ძირითადი ლითონები (16.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6 პროცენტი).

2025 წლის მესამე კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9 პროცენტი), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 589.1 ათასი მგზავრი, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 144.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 10.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 573.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.3 პროცენტს შეადგენს და 13.0 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 15.6 ათასი მგზავრი, რაც 9.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 78.3 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 21.7 პროცენტი. 2025 წლის მესამე კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გეოლოგების ინფორმაციით, სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა

წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, – ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვირვება გრძელდება.„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, – განაცხადა ნამიჭეიშვილმა.

კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ქართულ საქმეს ემსახურება, რა აქვს დასამალი, უბედურებაა ის, რომ რეალურად ვითომ არასამთავრობოები ფულს საქართველოს მტრობაში იღებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ ჩეხეთში დარეგისტრირებით ცდილობს.კალაძის თქმით, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად, ფულს იღებენ საქართველოს და ქართველი ხალხის მტრობისთვის.„დეტალები არ ვიცი, თუმცა ამგვარ ფაქტს თუ აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია თუ გაქვს და ქართულ საქმეს ემსახურები, ქართველი ხალხის საქმეს აკეთებ, რა არის დასამალი, პირიქით, საამაყო უნდა იყოს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ქართულ საქმეს აკეთებენ, რეალურად ფულს იღებენ იმაში, როგორ უმტრონ საქართველოს და ქართველ ხალხს. კარგ საქმეს თუ აკეთებ, რატომ უნდა იყოს დასამალი? პირიქით, ღია უნდა იყო და აფიშირება გააკეთო იმ კარგი საქმეების, რაც გაქვს ჩაფიქრებული და მიზნად დასახული. რეალობა არის ის, რომ ფულს იღებენ იმაში, როგორი ბოროტება გააკეთონ, როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ელემენტებმა გაანეიტრალეს.„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ და უყოყმანოდ მიიღება ყველა საჭირო ზომა. ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად შესაბამის ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენა ყურადღებით კონტროლდება და ფასდება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვაკის სასაფლაოს უცნობი ისტორია- რატომ ვერ იპოვეს აღმოსავლეთმცოდნის  იური მარის საფლავი, მეცნიერის  რომელიც უკვდავი ხიდია ირანსა და საქართველოს შორის-ალი მოჯანი

,,წუხელ თბილისში, ვაკის სასაფლაო მოვინახულე. გამახსენდა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ირანისტი და აღმოსავლეთმცოდნე იური მარი. მინდოდა საფლავთან მივსულიყავი და მისი ხსოვნისთვის პატივი მიმეგო. სამწუხაროდ, შევიტყვე, რომ პანდემიის პერიოდში (როგორც ჩანს, გარდაცვლილთა სიმრავლის გამო) ზოგიერთი საფლავი გადაუადგილებიათ ან დაუცლიათ. დღეს იური მარის განსასვენებელი აღარ არსებობს. მიუხედავად საფლავის ქვის დაკარგვისა, იური მარისა და მისი ოჯახის სახელი ირანული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში დღემდე ცოცხლობს. მარების ოჯახი, განსაკუთრებით იურის მამის სახელი — ნიკო მარი, ყველა კავკასიოლოგისა, აღმოსავლეთმცოდნისა და ირანისტისთვის ნაცნობია. ნიკო მარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ქალაქში, ქუთაისში დაიბადა, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ენათმეცნიერი და აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ. მან ღრმად და საფუძვლიანად გამოიკვლია კავკასიური ენები, ძველი სომხური ტექსტები. ასევე იკვლევდა ირანულ ენებსა და კულტურას. ნიკო მარმა უდიდესი როლი შეასრულა რუსეთში აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო ტრადიციის ჩამოყალიბებაში, წლების მანძილზე ასწავლიდა სამეცნიერო დაწესებულებებში, მათ შორის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, ეწეოდა უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ნიკო მარმა საბჭოთა ეპოქაში წარმოადგინა მნიშვნელოვანი თეორია, რომლის მიხედვით მსოფლიოს მრავალ ენას საერთო ფუძე გააჩნია, ხოლო კავკასიური ენები სემიტურ და სხვა ენებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს თეორია სტალინმა, საბჭოთა კავშირის წარმოშობით ქართველმა ბელადმა, ოფიციალურად უარყო. იური მარმა წარმატებით განაგრძო მამის სამეცნიერო გზა და ჩამოყალიბდა სპარსული ლიტერატურისა და ირანის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად. მან სპარსული ენის, კლასიკური ტექსტებისა და ირანის კულტურის ისტორიის კვლევაში უაღრესად ღირებული ნაშრომები დატოვა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა სივრცეში ირანისტიკის ჩამოყალიბებაში. მისი ხანმოკლე სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1934 წელს ირანში გამგზავრება იყო. იმ წელს გაიმართა დიდი ირანელი პოეტის, ჰაქიმ აბუ ლ-ყასემ ფირდოუსის დაბადების ათასი წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაზე იური მარი, როგორც იმჟამად საბჭოთა კავშირში შემავალი ქართული საზოგადოების წარმომადგენელი და მკვლევარი, სპარსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა. ეს ფაქტი ირანისტიკის ისტორიაში დღემდე შემორჩენილია, როგორც ირანს, კავკასიასა და საქართველოს შორის არსებული სამეცნიერო და კულტურული კავშირების სიმბოლო. ჩვენთვის, ირანელებისთვის, ეს ოჯახი მხოლოდ რამდენიმე მკვლევრის სახელს არ უკავშირდება; ეს შეგვახსენებს მეცნიერთა თაობას, რომლებმაც ენების, კულტურებისა და ერების ისტორიის სიყვარულით შეისწავლეს ცივილიზაციათა შორის ღრმა კავშირები. ირანული ენების, სპარსული ლიტერატურისა და რეგიონის კულტურული ისტორიის შესახებ შესრულებულმა მათმა ნაშრომებმა და კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ირანისტიკული კვლევების განვითარებაში. როგორც ირანელი ხალხის წარმომადგენელმა საქართველოში, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ირანული საზოგადოების ღრმა პატივისცემა და მადლიერება ამ ორი გამოჩენილი მოღვაწის სამეცნიერო ძალისხმევის მიმართ. ნიკო და იური მარების სახელები გვახსენებს დროისა და სივრცის მიღმა მდგომ იმ ხიდს, რომელსაც მეცნიერება და კულტურა აგებს ერთა შორის. შესაძლოა, დღეს ამ სასაფლაოზე იური მარის განსასვენებლის კვალი აღარ მოიპოვება, მაგრამ მისი და მამამისის სახელი დღემდე ცოცხლობს მეცნიერების ისტორიასა და ირანის, საქართველოსა და ორიენტალისტიკური სამყაროს კულტურულ მეხსიერებაში. დაუვიწყარია მათი ხსოვნა, ხოლო მათი სამეცნიერო მემკვიდრეობა — მარადიული''- ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს

ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026-ზე საქართველოს პავილიონია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – Foodex Japan 2026 ექვსი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.საქართველოს პავილიონს იაპონიის სოფლის მეურნეობის, სატყეო და თევზჭერის  მინისტრის მოადგილე იუჰეი იამაშიტა ეწვია.მინისტრის მოადგილეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ გოზალიშვილმა და იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ უმასპინძლეს.„სოფლის განვითარების სააგენტო წელს უკვე მესამე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს საქართველოს პავილიონს. გამოფენებში ქართული კომპანიების მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ექსპორტის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით. ვაგრძელებთ მუშაობას დაფინანსების ისეთი მექანიზმების შექმნასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი ქართული აგროპროდუქციის წარმოების ზრდას და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას“, – აღნიშნა ზურაბ გოზალიშვილმა.საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების – „მაისი 2020-ის“, „ჰობის“, „გეონატურალის“, „აგროლაინის“, „აჩინებულისა“ და „წყალი მარგებელის“ მიერ წარმოებული პროდუქცია: კაკალი, თაფლი, წყალი და ხილის წვენები.საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2026 აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა. წელს გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3 000-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები