სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, „მოდინახემ“ საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით და სტუ-ის ქალთა ასოციაციისა ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით – „ბოშები“, წარსდგნენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, სახელმწიფოში მოქმედი პროგრამები მოზარდების მომავალს მაქსიმალურად უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე წარმატებით მუშაობს.

“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი ღონისძიებების ჩატარება. ყოველი დღე ბავშვისაა, ისინი არიან მომავალი თაობა და ჩვენი ვალია ყველა ღონეს მივმართოთ, რათა მათ სწავლისა და განვითარებისთვის მშვიდობიანი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი, ლამაზი დღისთვის მინდა მადლობა გადავუხადო სახალხო თეატრს-სტუდიის რეჟისორსა და მსახიობებს, ღონისძიების ორგანიზატორებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციებს. ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომელსაც ეძღვნება დღევანდელი საქველმოქმედო აქცია, მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ოცნებების და მიზნების ასრულება”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოწვეულ სტუმრებს – დედაქალაქში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს, აფხაზეთიდან დევნილთა ოჯახების მცირეწლოვან წარმომადგენლებს, საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ლიეტუვის სათვისტომოს მრავალშვილიანი ოჯახების წევრ ბავშვებს.

პროფესორმა ნაზი კუციავამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს, სახალხო თეატრ-სტუდიის – „მოდინახე“ რეჟისორსა და მსახიობებს. მისი განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად გრანდიოზული ღონისძიებებითა და საქველმოქმედო აქციებით აღნიშნავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით, სტუ-ის ქალთა ასოციაციამ უნივერსიტეტის სახალხო-თეატრ სტუდიაში, მოვიწვიეთ მრავალშვილიანი ოჯახები, სკოლის მოსწავლეები, ლიეტუვის სათვისტომოს წარმომადგენლები, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების შვილები, შვილიშვილები. მათ წინაშე „მოდინახე“ შესანიშნავი სპექტაკლით წარსდგა. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელიც მუდამ ჩვენს გვერდით დგას, მადლობა ჩვენს თეატრს, მსახიობებს იმისთვის, რომ მათ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს ბავშვებს“, – აცხადებს ნაზი კუციავა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 1 ივნისს „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ დედაენის ბაღში გამართული საქველმოქმედო ღონისძიებით გაიხსნა, იმავე დღეს სტუ-ში გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო აქციას გამართავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურორი – მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.გამორიცხული არ არის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ადვოკატების დასკვნით სიტყვასა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.„მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს...რა თქმა უნდა, მხოლოდ რომეო მიქაუტაძის პირდაპირი ჩვენება არ გვაქვს და ხაზგასმით ვამბობ, რომ მიქაუტაძის ჩვენება მხოლოდ ორ ეპიზოდს ეხება. დაცვის მხარე ლილუაშვილის დაცვის წევრების და თანაშემწის გამიკითხვაზე აპელირებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არ იყოს სწორი, არა იმიტომ რომ მიზანმიმართულად იტყუებიან, არამედ იმიტომ რომ მათ შეუძლებელია, ახსოვდეთ, 6 წლის განმავლობაში ვინ იყო ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ლილუაშვილთან პიროვნების შეყვანა ხდებოდა, არა სახელი და გვარით ხდებოდა დაშვება, არამედ ავტომობილის ნომრით. ასევე, მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე, როგორც მინისტრის მოადგილე ისე ახსოვდათ და ტელევიზიიდან იცოდნენ, თუმცა, მინისტრი ვინ იყო, ამასაც ვერ იხსენებენ. ეს გონივრულ ვარაუდს მიჩენს, რომ შესაძლოა, მათი ინფორმაცია არ იყოს სწორი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reuters – ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 7 დღით გაახანგრძლივეს – სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადის 22 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც სანქციების რეჟიმის ექვსი თვის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც დაახლოებით 3000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს მოიცავს და აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს უშლის სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხი. სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვს, ხოლო საფრანგეთმა კომპრომისის სახით მხოლოდ უსმანოვის სიიდან ამოღების წინადადება წამოაყენა.გამოცემასთან საუბარში ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ საფრანგეთის მოთხოვნა მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხის წინაშე ვართ და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით მოგვმართეს“, - აღნიშნა ფრანგმა წყარომ.გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებში შეიძლება, თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იგულისხმებოდეს, რადგან წარსულში ისინი უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ლობირებდნენ. Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება სურს, რათა ბაქოში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწიოს.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.„მე მინდა, გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა, ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას, ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ევროკავშირის 12 სახელმწიფო განცხადებას ავრცელებს – ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში

ევროკავშირმა უფრო სტრატეგიული და პროაქტიული როლი უნდა შეასრულოს ევროპულ არქტიკაში, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 12 სახელმწიფოს განცხადებაში, რომელთა ლიდერებიც დღეს ჩრდილოეთ ფინეთში, როვანიემიში შეიკრიბნენ.ერთობლივი განცხადებას ხელს  ფინეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი აწერენ.აღნიშნული ქვეყნები მოუწოდებენ კავშირს, აიღოს ვალდებულება, რათა გააძლიეროს არქტიკული ჩართულობა შესაბამისი რესურსებით და გეოპოლიტიკური რეალობის განვითარების შესაბამისად.„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები სტაბილურობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები“, – ნათქვამია განცხადებაში.ლიდერების ერთობლივი განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიური თანამშრომლობის მეშვეობით მიიღწევა.„არქტიკაში უსაფრთხოება კოლექტიურად უნდა იყოს მიღწეული. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს საერთო ვალდებულებას, შევინარჩუნოთ არქტიკა, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის რეგიონი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე, მათ შორის საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, მრავალმხრივ მმართველობაზე, ასევე საზღვაო სამართალზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობას და იმის უზრუნველყოფას, რომ მზარდმა სტრატეგიულმა კონკურენციამ არ შეარყიოს რეგიონში სტაბილურობა“, – აცხადებენ 12 ევროპული ქვეყნის ლიდერები.

დავით სონღულაშვილი – პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბერს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, საკუთარ პირველ ნერგს 41 000 პირველკლასელი დარგავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა პროექტ „ჩემი პირველი ნერგის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა პირველკლასელებში ადრეული ასაკიდან გარემოზე ზრუნვისა და ბუნებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.როგორც მინისტრმა განაცხადა, პროექტი 22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინიციატივაში საქართველოს მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. ღონისძიებები, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობას მისცემს, დარგოს საკუთარი პირველი ნერგი. წელს 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მიიღებს მონაწილეობას ამ ინიციატივაში, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის გარემოზე ზრუნვას და ბუნებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პროექტის დაფინანსება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენისთვის განკუთვნილი რესურსებიდან განხორციელდება. შესაბამისად, ერთი მხრივ, შესაძლებელი იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღდგენა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე ვასწავლით გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვების მიერ დარგული ნერგების შემდგომ მოვლასა და მათზე დაკვირვებას. ამ მიზნით შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც თითოეულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება, თვალყური ადევნოს საკუთარი ნერგის ზრდასა და განვითარებას.„პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ტერიტორიები და ნერგები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით შეირჩევა. პროცესში ჩართულები იქნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების და რეგიონული განვითარების სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, თბილისის მერია, სკოლები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები. შეიქმნება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც თითოეულ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, დააკვირდეს მის მიერ დარგული ხის ზრდასა და განვითარებას. „ჩემი პირველი ნერგი“ ყოველწლიური პროგრამა იქნება და ყოველ წელს პირველკლასელებისთვის სკოლის დაწყება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუკავშირდება. საბოლოოდ კი, როდესაც ისინი სკოლას დატოვებენ, გარემოს დაუტოვებენ ზრდასრულ ხეს, რომელიც ჩვენი გარემოს გაჯანსაღებასა და გამწვანებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ბოლო სიახლეები