საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

Read Time:2 Minute, 23 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ
ავრცელებს.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი,
რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე,
უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესის მართვის
სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები და სტუდენტები, გახსნა სამართლისა და საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა.

პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით
გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფაკულტეტის დღის დაარსებისა და
იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის ფაკულტეტების, აკადემიური-სამეცნიერო პერსონალისა
და სტუდენტების მიმართ იჩენს.

„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაარსებიდან რვა წელს
ითვლის, თუმცა, რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ფაკულტეტის ცნობადობა
ყოველწლიურად მზარდია. ფაკულტეტზე ეფექტიანი კვლევითი და პედაგოგიური
საქმიანობა მიმდინარეობს. საამაყოა, რომ პირველად საგანმანათლებლო სივრცეში,
ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, თავიანთ პედაგოგებთან ერთად,
საქართველოს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს. ჩვენ
ფაკულტეტის დღეს განსხვავებულ ფორმატში აღვნიშნავთ. საზეიმო ღონისძიებამდე
ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების
დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო
პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის
ადმინისტრაცია და სტუდენტები ვესტუმრთ მოხუცებულთა სახლს – „იმედი“.
რექტორის მხარდაჭერით ხანდაზმულებს გადავაცით პროდუქტები, ტკბილეული,
პირველადი მოხმარების ნივთები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო რექტორს,
ამ ქველმოქმედების ინიციატორს, გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა
ირაკლი გაბისონიამ.

ფაკულტეტის დღე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ
მიულოცა.
“ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო. სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო
ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას.
ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა,
რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს
მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით. დღეს,
იურისტებსა და დიპლომატებს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დიდი პასუხისმგებლობა
ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია. საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა მიიღოთ
ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ,
ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ.
სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო
ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა,
მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ
მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების,
ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური
უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი –
პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე
ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა
ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და
მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს
სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს
გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო”, – აღნიშნულია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.

სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის
დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროფესორ გურამ ნაჭყებიას ჯილდო
გადაეცათ ღვაწლმოსილ მეცნიერებს: ასოცირებულ პროფესორ ლალი ჯანუყაშვილს;
ასოცირებულ პროფესორ ირმა მერებაშვილს. ახალგაზრდა მეცნიერებს- ასოცირებულ
პროფესორ კობა ჩიხლაძეს; ასისტენტ მათე ჭანტურიას. ალექსანდრე ჩიკვაიძის
სახელობის ჯილდო გადაეცათ ღვაწლმოსილ მეცნიერებს: პროფესორ მალხაზ ბაძაღუას;
პროფესორ ავთანდილ კიკნაძეს; პროფესორ ზურაბ კვეტენაძეს; პროფესორ ემილია
ალავერდოვას. ახალგაზრდა მეცნიერებს: ასოცირებულ პროფესორ თამარ კუპრეიშვილს;
ასისტენტ-პროფესორ მაია მანჩხაშვილს.

ღონისძიების დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ,
დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი სახელმძღვანელო – „ენერგეტიკის
სამართალი“, რომელიც გამოიცა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის
„საინჟინრო/ტექნოლოგიური სამართლის“ ფარგლებში. ხოლო, ფაკულტეტის ხარისხის
სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა გურგენიძემ – „სამსახურებრივი გამოგონების
სამართლებრივი ასპექტები საპატენტო სამართალში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეს „აქცია“ იყო თეატრის რამდენიმე მსახიობის მიერ განხორციელებული და მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, პირადად მე, არ ვიზიარებ მათ ინდივიდუალურ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით – მსახიობი თემურ გვალია
Next post რომან გოცირიძე “ოცნების” დეპუტატებს: ნუ ხართ იმ თაგვივით, რომელსაც ყველაზე დიდი ცხოველი კატა ჰგონია – ყური დაუგდეთ გულის ხმას, ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ