ორშაბათი, მარტი 23, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰოლდინგ „ბიზნეს მედია კორპორაციას“ შორის თანამშრომლობის მეორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს, ერთი მხრივ, სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, მერე მხრივ კი, ჰოლდინგის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ლევან ბეგლარიშვილმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა, ასევე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტთა კორპორაციაში სტაჟირებას, მათ დახელოვნებასა და მედიაპროდუქტების კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და „ბიზნეს მედია კორპორაციას“ წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის განცხადებით, უნივერსიტეტს ჰყავს წარმატებული სტუდენტები, რომელთაც 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე „ბიზნეს მედია კორპორაციაში“ სტაჟირება დამატებით მოტივაციას შეუქმნის. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, მემორანდუმის თანახმად, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა შერჩევას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, პროგრამაში ჩართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი, შესაბამისი პროცედურების დაცვით, კორპორაცია იღებს.

„კორპორაცია დაინტერესებულია უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და ბიზნესტექნოლოგიების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჩართვით თავის საქმიანობაში. ეს გულისხმობს კორპორაციის გრიფით გასულ სატელევიზიო გადაცემებისა და ონლაინ კონტენტების მომზადების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას, სამუშაო გამოცდილების მიღებას, მათ დახელოვნებას როგორც ბეჭდური მედიის, ასევე, სატელევიზიო მედიის მიმართულებით და რაც უმთავრესია, ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ვფიქრობთ, ეს მრავალმხრივ საინტერესო და საჭიროა როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ასევე, „ბიზნეს მედია კორპორაციისთვის“. სემესტრულად სტაჟირების პროგრამას არაუმეტეს 10 სტუდენტი გაივლის და ისინი, უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ, ამავდროულად, კარიერული განვითარების და სამომავლო დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების კარიერული ზრდის ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ქმედით ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

„ბიზნეს მედია კორპორაციის“ ხელმძღვანელის, ლევან ბეგლარიშვილის თქმით, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ბიზნესმედიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ დროსა და სივრცეში მიიღებენ, მედიაინდუსტრიის სტანდარტებს დაეუფლებიან და ეკონომიკისა თუ ბიზნესის მიმართულების ჟურნალისტისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს განივითარებენ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებმა სამომავლო კოოპერაციის დეტალები კიდევ ერთხელ შეათანხმეს. ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორმხრივ სარგებლიანი აღმოჩნდება, ხოლო ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ახალგაზრდა პროფესიონალი ჟურნალისტების მომზადება მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე დადებით გავლენას იქონიებს. როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, უნივერსიტეტი მზაობას გამოვთქვამს, ამ პროცესში აკადემიურმა პერსონალმაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, სტუდენტების ჩართულობით, „ბიზნეს მედია კორპორაციასთან“ პარტნიორობა განავითაროს და ახალი პროექტები განახორციელოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,მიყვარხარ, პატრიარქო” – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

„დილა მშვიდობისა საქართველო" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერს ბიჭთან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოდან „მიყვარხარ პატრიარქო" გაიცნო.როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ის  სტიქაროსანი გახდა.ნახეთ სიუჟეტი სრულად:    

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანმა იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია

მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი – ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია

ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია, – ამის შესახებ კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა, თამასოსის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.მიტროპოლიტმა ისაიამ ილია მეორის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.„ჩვენ გუშინ ჩამოვედით წმინდა ქალაქ თბილისში კვიპროსის კუნძულიდან, როგორც კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის წარმომადგენლები. მე ვარ მიტროპოლიტი ისაია თამასოსელი და პაფოსელი. პირადად ვიცნობდი აწ განსვენებულ უწმინდესს, პატრიარქ ილია მეორეს. ის ჩემთვის მეორე სულიერი მამასავით იყო. ჩვენ საქართველოს ვიცნობთ 90-იანი წლებიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიაში ვმსახურობდით უწმინდეს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა და ფიქრობდა თავის ხალხზე. 90-იან წლებში პატრიარქი ჩავიდა კვიპროსში და სწორედ მაშინ დაიწყო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებსა და ეკლესიებს შორის. დღემდე ამ ურთიერთობების ერთგვარი შუამავალი ვიყავი. ჩვენთვის უწმინდესი პატრიარქი ილია ახლა აღიქმება, როგორც მფარველი ანგელოზი. არა მხოლოდ თქვენ დაკარგეთ თქვენი წმინდა, სულიერი მამა, არამედ ჩვენც დავკარგეთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წინამძღვარი. არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყარო დაობლდა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ახლა ის, როგორც წმინდა ადამიანი, ყველასთვის მფარველი ანგელოზია. ჩვენ ერთი ადამიანი არ დაგვიკარგავს — ჩვენ ერთი მფარველი ანგელოზი შევიძინეთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს მიწაზე დიდი პრობლემებია: ომები, სხვადასხვა განხეთქილებები, სირთულეები როგორც მართლმადიდებლურ სამყაროში, ისე მთელ მსოფლიოში და საჭიროა მისი ლოცვა. მგონია, რომ მან ყველაზე რთული დრო აირჩია ზეცაში გადასასვლელად, რათა უფრო ახლოს იყოს ღვთისმშობელთან, იესო ქრისტესთან და თავისი ლოცვით დაგვეხმაროს. კვიპროსის არქიეპისკოპოს გიორგის და ჩვენი სინოდის სახელით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული მარადიული იქნება. მისი სიყვარულისა და ლოცვის წყალობით, ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობა მარადიული დარჩება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ისაიამ.

ბოლო სიახლეები