შაბათი, სექტემბერი 20, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციის 55-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველად საქართველოში, პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ (EYE) – რიგით 55-ე საერთაშორისო კონფერენცია „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ (The 55th Edition of EYE Conferences – ARTIFICIAL INTELIGENCE AND SUSTAINABILITY) გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, EYE კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) ინიციატივით ტარდება, ესწრებოდნენ: ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ივან დლიუგოსის უნივერსიტეტის (Jan Długosz University in Czestochowa, პოლონეთი) ვიცე-რექტორი მარცინ სოსნოვსკი, „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტი სელია პედრო, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი, EYE-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი და „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტი გიორგი მოლოდინი, ამავე კომიტეტის გენერალური მდივანი, სტუ-ის სტუდენტი ანნა გოგალაძე და სხვები.

55-ე საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, თბილისში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება EYE-ის აღმასრულებელმა კომისიამ მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

„დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ისტორიას ქმნის. საქართველოში პირველად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ 55-ე საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება“. ის რომ ჩვენი უნივერსიტეტი შეირჩა EYE-ის აღმასრულებელი კომისიის მიერ, კენჭისყრის საფუძველზე, მალტაში გამართულ 54-ე საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის დასტურია. ეს არჩევანი ადასტურებს, რომ თანამედროვე ინჟინერია და ტექნოლოგიური ინოვაციები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტით ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ინჟინრების ინოვაციური ენერგია უზრუნველყოფს ახალი იდეების და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახალგაზრდული ხედვა და კრეატიული ნამუშევრები ქმნის გარემოს, სადაც ცოდნა რეალურად გარდაიქმნება ინოვაციად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც კონფერენციის მასპინძელი, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების წარსადგენად იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას. ეს პლატფორმა არა მხოლოდ ხელს უწყობს უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აფართოვებს საქართველოს როლს გლობალურ საინჟინრო და სამეცნიერო სივრცეში. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ პრეზიდენტმა სელია პედრომ და „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ.

EYE კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 100-ამდე დელეგატი – ინჟინერიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ქართველი და უცხოელი (გერმანია, იტალია, პოეტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ბელგია, ნიდერლანდები, პოლონეთი) ახალგაზრდა მკვლევრები, ახალგაზრდა ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები: ილონა შეყილაშვილი – სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრი – თემით: „ხელოვნური ინტელექტი და განვითარება; ადეტუნჯი აიოადე – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მასშტაბირებადი, რეალური ცხოვრების გადაწყვეტილებებისთვის” და „ჭკვიანი მშენებლობის სისტემები; მარიამ კენჭაძე – „გონების თამაშები: ნეიროჩარტი კრიმინალი ციფრულ ეპოქაში“; ალექსანდერ ჩიშევიჩი – „ხელოვნური ინტელექტით მართვადი ელექტროკარდიოგრამის დიაგნოსტიკა: ღრმა სწავლება და დიდი ენობრივი მოდელები ჭკვიან ჯანდაცვაში”; გოგი გორგილაძე და ნია ფოფხაძე – სტუ-ის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრები – „მინიმალიზმი: შეზღუდვა თუ თავისუფლების გზა“; გიორგი ფაცაცია – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში: შესაძლებლობები, გამოწვევები და მომავალი მიმართულებები“; პოლ ჯენკინსონი – „მდგრადობა – ჩვენი თაობის გამოწვევა“; გიორგი მუშკუდიანი – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „დიდი ენობრივი მოდელების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის და საოპერაციო ხარჯების შემცირება განახლებადი ენერგიის, ჰიდროენერგიისა და თხევადი გაგრილების დახმარებით; დარენ მაკდონალდი – თემებით: „ხელოვნური ინტელექტი ვეტერინარულ დიაგნოსტიკაში: პარაზიტული ინფექციების აღმოფხვრა სასოფლო-სამეურნეო ცხოველებში“ და „ხელოვნური ინტელექტი პარაზიტოლოგიაში“; ავთანდილ ბიჩნიგაური – სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ინდიკატორების აღმოჩენა და მართვა აკადემიურ ნაშრომებში“; გიორგი ოტიაშვილი – არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ბაკალავრი – „ორი უბნის შედარებითი ანალიზი ვილნიუსსა და თბილისში“; ამირან ლაზარიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მაცივარ-კონტეინერი ხილისა და კენკრის ტრანსპორტირებისთვის“; ა. კვინიკაძე – „ინტელექტის განვითარების ალტერნატიული გზები“; თინათინ იორდანიშვილი – სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დოქტორანტი – „მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიები სამრეწველო სექტორში: გამოწვევები და შესაძლებლობები“;

სტუ-ს ინფორმაციითვე, ორგანიზაციაში – „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები“ – საქართველოს 2024 წლიდან წარმოადგენს „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტი“ (GYEC), რომელიც „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ (GSCE) მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა სპეციალისტთა ორგანიზაციაა. „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ მუშაობა ფართოდ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ პრეზიდენტია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) და ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მოლოდინი, რომელიც „ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია; „საქართველოს ახალგაზრდა ინჟინერთა კომიტეტის“ გენერალური მდივანი კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ანნა გოგალაძეა.

„ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების“ (EYE) 55-ე საერთაშორისო კონფერენცია 20 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები, პანელური დისკუსიები და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების გამოყენებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის ჩემსა და კუპრაძეს შორის, იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს კითხვა,...

მე ზოგადად, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამ პროცესს, – ასე უპასუხა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.„მე სერიოზულად ვერ ვუყურებდი იმას, რომ ხაბე ბიძინას ემუქრებოდა დამხობით, ამას ვერ ვუყურებდი სერიოზულად ისევე, როგორც გასულ წელს ამ დროს, „ლელო“ ემუქრებოდა ბიძინას მოსკოვში გაშვებით 20 დღით, თუ რაღაც დარჩაო, რომ იძახდნენ. მე ვერ ვუყურებდი სერიოზულად და ვერც ვერასოდეს ვერ ვუყურებ იმ კამპანიას, რომ ბიძინას შეეშინდა და ამიტომ, ხაბე დაიჭირა. ზოგადად, მთელი ეს პროცესი რაც არის, ჩემთვის დადგმულ სცენარს ჰგავს, თითქოს ერთი რეჟისორი ჰყავსო, რომელიც სხვადასხვა როლს ანაწილებს, საჭირო დროს გაჰყავს გმირები თამაშიდან შემოჰყავს ახალი გმირები, რათა ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე, არავინ არ კონცენტრირდეს თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან და კონცენტრაცია მოხდეს უაზრობაზე სადღაც შუადღისას, მერე ეს ხალხი უნდა გაატარონ ქუჩებში A წერტილიდან B წერტილამდე და ამით უნდა მორჩეს ეს ამბავი. მერე ვიღაც გაბრაზდება, მერე ვიღაც იტყვის, აი, რა ტყუილად დაშალეთ ხალხი და საბოლოო ჯამში, არავის არ დაბრალდება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე. ვინც ვითომ პასუხისმგებელი იყო, ის გაარიდეს პასუხისმგებლობას და ჩასვეს ციხეში. შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ციხეში ვარო, იტყვის, დანარჩენმა კი არავინ არ იცის, რა ხდება, ჩემი ინფორმაციით“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება 5 ოქტომბერი „გირჩისთვის“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იმედია, ეს დღე საზეიმო იქნება.„იმედია, საზეიმო და ისეთი, რომ სტიმულს მომცემს, მეორე ტურისთვის მოვემზადო. იმედი მაქვს, ასეთი იქნება 5 ოქტომბერი. ეს დამოკიდებულია საარჩევნო შედეგებზე. იმიტომ, რომ თქვენი იცით, სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჩემსა და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ, რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში გასაგებია, რომ კალაძე იქნება, საუბარი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. კითხვა, ვინ გავა მეორე ტურში და იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს. შესაბამისად, 5 ოქტომბერზე რახან მეკითხებით, მე მინდა, 5 ოქტომბერი იყოს ისეთი, როდესაც ქართველი ხალხი, თბილისელები მიხვდნენ, რომ უკეთესი კანდიდატი ვარ, ვიდრე ბატონი კუპრაძე, მიუხედავად „ლელოს“ რესურსებისა და მომცემს საშუალებას, გავიდე მეორე ადგილზე. მე თუ მეორე ადგილზე გავდივარ, მაშინ მეორე ტური არის ისედაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, არის მოწყენილი და ქართულ სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდებს შორის ალბათ, ყველაზე მდუმარე.„ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები. წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდების განმავლობაში სტუდენტების თავს, რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაც უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილად გაიშარა და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.„ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5. რომელიღაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაქრებიან. არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, „ლელო“ ხომ აპირებს დარჩენას, იმიტომ, რომ ფული აქვს, იმ ტყუილებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ და მანამდეც აკეთებდნენ, დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე, ვერ ვხედავ მაგალითად, როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელმაც უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დიეგო მარადონას დები და ადვოკატები თაღლითობაში დაადანაშაულეს

არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას ორ დას და ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატს მატიას მორლეს ბრალი წაუყენა თაღლითობაში. ამის შესახებ გაზეთმა La Nacion-მა დაწერა.სარჩელი სასამართლოში მარადონას ქალიშვილებმა შეიტანეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლეგენდის დები და ადვოკატი ფეხბურთელის სახელთან დაკავშირებულ ბრენდებს იყენებდნენ. დიეგოს ქალიშვილები ითხოვენ, რომ მათ, როგორც კანონიერ მემკვიდრეებს, გადაეცეთ მამის სახელთან დაკავშირებული ბრენდები, რომლებსაც კომპანია Sattvica მართავდა.მარადონას ადვოკატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ხოლო ფეხბურთელის დები თანამზრახველებად გამოაცხადეს.დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახა კალაძე – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილს არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. პოლიტიკაში როდესაც ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია, მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.დღესვე, რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ).ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პირადად თქვენთან შეხვედრის პატივი. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს. ასევე, გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე.

ბოლო სიახლეები