საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მათემატიკოსის, ემერიტუს რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას და ტეხასის უნივერსიტეტს (Texas A&M University, აშშ).
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, რაიჩო ლაზაროვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფიერი წლები აკავშირებს. მან საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც დიდბუნებოვანმა ადამიანმა, შესანიშნავმა მეცნიერმა, კოლეგამ და პედაგოგმა.
„81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მეცნიერი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დარგში, რაიჩო ლაზაროვი.
შესანიშნავი მკვლევარი, პედაგოგი, მეგობარი და კოლეგა – ასეთი დარჩება რაიჩო ლაზაროვი ჩვენს მეხსიერებაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე განვითარებამდე მიიყვანა სამეცნიერო კვლევები რიცხვითი მეთოდებისა და ალგორითმების სფეროში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. უფალმა გაუნათლოს ცათა სასუფეველი”, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმარში.