საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

Read Time:1 Minute, 58 Second

დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იყოს შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად მათ ადრე განაცხადეს, რომ პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნიდა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგებს შეისწავლიდა.

„არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, ყველა შესაძლო კითხვას დამატებით გაეცემოდა სამართლებრივი, მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იყოს შესწავლილი უკვე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ.

დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად განაცხადა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, „ქართული ოცნება“ მზად არის, რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს, თუმცა, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ჩვენ, ოპოზიციას შევთავაზეთ უბნების გადათვლა, საარჩევნო უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერის გამოყენება და საჯარო დებატები ამ თემაზე, თუმცა სამივე შეთავაზებაზე უარი მივიღეთ და მათი მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე შეტევისა და შეურაცხყოფის კამპანია, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებები ვიხილეთ.

ფაქტია, რომ ეგრეთწოდებულ ,,გაერთიანებულ ოპოზიციას’’ ამოძრავებს სხვა მიზნები დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ და საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის რევიზიას ცდილობენ. ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, გავიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და დეტალი, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივცეთ საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც საზოგადოებას უმტკიცებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში და შეეცადოს თავისი ბრალდებები სამართლებრივად თავადვე დაამტკიცოს. ეს კიდევ ერთი ტესტი იქნება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის, რეალურად ჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებდნენ, თუ ეს ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს, რაც აშკარად იკვეთება მათ პოსტსაარჩევნო ქმედებებსა და განცხადებებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, მობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ან ფაქტებით დაამტკიცონ ის ბრალდებები, რაზეც საუბრობენ, ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას მათი შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის და თავი დაანებონ სიცრუის პროპაგანდას“, – განაცხადა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის პირველი ეტაპისთვის ათი ცენტრი შეირჩა – შვიდი თბილისში და სამი რეგიონებში
Next post კახა კუჭავა: ევროპის საბჭოზე ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება დაიმსახურა 8 მარტის შეთანხმებამ და აქვე იმედგაცრუებაც ოპოზიციის მიმართ, რომ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღეს