გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხევსურეთში, როშკა-ღელისვაკეს გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის შესახებ, ხორვატიული კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაიწუნა და სავტომობილო გზების დეპარტამენტს 26 შენიშვნით უკან დაუბრუნა. ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.
„სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას. რაც შეეხება როშკა-ღელისვაკის მონაკვეთს, ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ნაწილი; გეოდინამიკური პროცესების დახასიათება არ ეხება უშუალოდ საპროექტო ტერიტორიას; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში შესრულებულია არადამაკმაყოფილებელ დონეზე, ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო – გეოლოგიური კვლევების ვერცერთ საფეხურს; საკვლევი რაიონის კლიმატური დახასიათება ეყრდნობა გუდამაყრის, არხოტისა და შატილის მეტეოროლოგიური სადგურების მასალებს, არადა აღნიშნულ პუნქტებში მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურები არ ფუნქციონირებდა“, – წერია სამინისტროს შენიშვნებში.
ცოტა ხნის წინ გარემოსდამცველებმა, სამთო და საფეხმავლო გიდებმა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს.
პროექტი ახმეტის სოფელ ქვემო ალვანის მოსახლოებამაც გააპროტესტა.