საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.
საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.
რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)
- თბილისი – 431 866
- იმერეთი – 143 486
- აჭარა – 129 289
- შიდა ქართლი – 48 943
- ქვემო ქართლი – 44 069
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 43 313
- გურია – 33 717
- კახეთი – 20 739
- სამცხე-ჯავახეთი – 19 160
- მცხეთა-მთიანეთი – 12 577
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33
ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 616.2 მილიონ ლარს გადააჭარბა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

