ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

რუსეთმა 2 იტალიელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ორი იტალიელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 მარტს იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯით ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მსგავსად დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში 8 ქართველი დიპლომატი მუშაობს. მათგან ერთი, შესაძლოა, რუსეთმა ქვეყნიდან გააძევოს, რადგან საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე სამადაშვილი: ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, მანდატი ყველას გაუუქმეს, საინტერესოა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ

 ახლა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, ამას რატომ არ აკეთებენ?“, – წერს სალომე სამადაშვილი. პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – ველოდებით, რომ ჩვენი პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“ მაისში თავად შეგვიწყვეტს

ველოდებით, რომ  ჩვენი პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილებას „ქართული ოცნება“ მაისში თავად შეგვიწყვეტს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. ცქიტიშვილმა აღნიშნა,  არ მისცემენ ფუფუნებას, თავად პარტიამ დაწეროს განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე. „სავარაუდოდ, ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება. იმის ფუფუნებას არ მივცემთ, რომ განცხადება დავწეროთ და ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერონ უფლებამოსილება. თუ უნდათ შეაჩერონ და თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი დახმარების გარეშე, ამას ველოდებით მაისისთვის“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

13 თებერვალს ევროპარლამენტში კენჭი ეყრება რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს. "მთავარი საკითხია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს, თუმცა საქართველო 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში არ არის", - წერს იოზვიაკი X-ზე.    

რომში, აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა – შეჩერებულია ფრენები

რომში, ჩამპინოს აეროპორტში საქართველოს მოქალაქემ ხანძარი გააჩინა. იტალიური მედია წერს, რომ ქართველმა კაცმა საკონტროლო კოშკში შეაღწია და ცეცხლი გააჩინა. მათივე ცნობით, აეროპორტში, საკონტროლო კოშკი ხანძრის გამო ამ დრომდე ევაკუირებულია. მომხდარის გამო შეჩერდა აეროპორტმა ფრენები და მგზავრთა მიღება დროებით შეაჩერა. ადგილობრივმა პოლიციამ ქართველი დააკავა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ილია ინჯიამ გააკეთა განცხადება. როგორც აღინიშნა, პოლიტიკურ ჯგუფში ასევე შევლენ პარლამენტის წევრები, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი. ამასთან, ილია ინჯიამ ვარლამ ლიპარტელიანთან და ნიკა ელისაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ჯგუფის მისია ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულება იქნება. „როგორც იცით, მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციისა და სიძულვილის გაღვივებით, არამედ, რეალურად, საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით, ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვას და სწრაფ განვითარებას ემსახურება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. სრულიად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს. რადიკალური ოპოზიციის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდეა. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება. ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზიციის ფუნქციის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე, წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

ბოლო სიახლეები