სამშაბათი, აპრილი 7, 2026

რუსეთის წინააღმდეგ ქართველების უძველესი პეტიციის ორიგინალი იპოვეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა მკვლევარმა და პროფესორმა ბექა კობახიძემ და უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის ორიენტალური განყოფილების უფროსმა ჯილიან ევისონმა ქართველი ხალხის საუკუნოვან პეტიციას მიაგნეს, რომელიც რუსეთის მხრიდან 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევასა და ანექსიას ეხება.

დეტალურად უნიკალური აღმოჩენის შესახებ პროფესორი თავის Facebook-გვერდზე წერს.

„1907 წელს გაიმართა ჰააგის საერთაშორისო კონფერენცია. მან ბევრი ისეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა დაადგინა, რომელიც დღემდე ძალაშია. ამ კონფერენციისთვის ანარქისტმა და ქართველმა ნაციონალისტმა, თავადმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა დაიწყო “ქართველი ხალხის პეტიციის” შედგენა. პეტიცია ბრალს სდებდა რუსეთს 1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატის დარღვევაში, ანექსიაში, 1905-1906 წლებში პოგრომების მოწყობაში გურიის ტერიტორიაზე და ითხოვდა ტრაქტატის მუხლების საფუძველზე საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას. საჯაროდ ასე იყო ცნობილი, რომ ტექსტი შეადგინა მომავალში ეროვნულ-დემოკრატმა, იურისტმა გოგიტა გვაზავამ.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვნახე ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, რომ ტექსტის რედაქტირებაზე და მისთვის საბოლოო სახის მიცემაზე მუშაობდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლივერ უორდროპი. მან ისიც მოახერხა, რომ ტექსტი მოხვედრილიყო კონფერენციის მონაწილეთა მაგიდაზე, მაგრამ საკუთარ მონაწილეობას, გასაგებ მიზეზთა გამო, ბოლომდე ასაიდუმლოებდა.
ვარლამ ჩერქეზიშვილმა ასე შეაფასა ეს მოვლენა: “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

სამიათასამდე ხელმოწერა ჰქონდა ტექსტსო, გადმოცემით ვიცოდით, მაგრამ სად იყო ეს ხელმოწერები არ გვენახა. 2013 წელსაც ვეძებდი და ვერ ვიპოვე ოქსფორდში. როგორც ხდება ხოლმე, არასწორი სახელით აღმოჩნდა კატალოგიზირებული. ახლა კიდევ ერთხელ მოძებნა მთხოვა ბატონმა ოთარ ჯანელიძემ და ისევ ვერ მოვძებნიდი, რომ არა გილიან ევისონი, რომელიც ამ კოლექციას კურირებს და იცის სად რა ეშმაკი შეიძლება იყოს დამალული. თავიდან ვერც მან მოძებნა, მაგრამ განმეორებითი და განმეორებითი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ”, – წერს ბექა კობახიძე.

„25 ფურცელი, ხელმოწერებით სავსე. ეს არის ქართველი ხალხის პეტიცია, ნამდვილად, ამ პრინციპითაც შედგა ის:

1. არც ერთი პოლიტიკოსის და პოლიტიკურად აქტიური ადამიანის ხელმოწერა ზედ არ არის;

2. საზოგადო და კულტურულ მოღვაწეთა უმრავლესობა (ოცხელი, ვუკოლ ბერიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე მაყაშვილი და ა.შ.), მღვდლები (კარბელაშვილები), მუშები, გლეხები, მასწავლებლები, თავადაზნაურობა ლამის სრული შემადგენლობით, მრეწველები და “ახალშობილი” ქართული ბურჟუაზია;

3. სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფურცლებზეა ხელმოწერები გაკეთებული, რეგიონული პრინციპით. ცალკეა კახეთის ხელმოწერები, ცალკე იმერეთის და ა.შ.

წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და რისკია ამ ყველაფერში ჩადებული:

1. ცარისტული რუსეთის პირობებში ეს ხალხი დადიოდა მთელი საქართველოს გარშემო და აგროვებდნენ ხელმოწერებს;

2. გლეხს და მუშას თუ ცოტა რამ ჰქონდა დასაკარგი, აი თავადაზნაურები და მრეწველები, მასობრივად, რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სოციალურ სტატუსსა და პრივილეგიებს, რადგან მათი ხელმოწერები უნდა წარედგინათ რუსეთის წინააღმდეგ, საერთაშორისო კონფერენციისთვის; (ახლა რობიკო სტურუა და სხვა ინტელიგენტნი აგროვებენ ხელმოწერებს რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ცალკე საკითხია);

3. ვინც ფრანგულად ან ინგლისურად საუბრობდა (ასეთი ძალიან ცოტა იყო), მათ ხელი ლათინური ანბანით მოაწერეს, დანარჩენებმა ქართულად. არც ერთი რუსულენოვანი ხელმოწერა არ არის;

4. ამ ტექსტს უკეთებდნენ ინტერნაციონალიზაციას: ჩართეს უორდროპი, ჩართეს დასავლური პრესა და თქვენ წარმოიდგინეთ მაშინდელი საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობა ნანი დრაიჰარსტის მეთაურობით.

ხომ არაფერი ყოფილა შედეგი, ამას საქართველოს გათავისუფლება არც მოჰყოლია და ვერც მოყვებოდა, მაგრამ თვითონ კმაყოფილები იყვნენ, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და “ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა.”

ეს ხელმოწერები გვეუბნება, რომ ეროვნული თავისუფლებების მნიშვნელობა, ელიტურ ჯგუფებში მაინც, იმაზე მაღლა იყო, ვიდრე ხშირად გვგონია. სოციალური ისტორიის შესასწავლადაც საინტერესო აღმოჩენაა.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მეხსიერების პოლიტიკისა და მუზეუმისთვის არის ეს დოკუმენტი:

1. მასზე ყველა მეორე ქართველს შეუძლია საკუთარი გვარის ამოკითხვა და მერე იმ ამბავში ჩაძიება, რომ მისი ესა და ეს წინაპარი 111 წლის წინ ჰააგის კონფერენციისთვის წარსადგენ პეტიციას აწერდა ხელს და ამით დიდ რისკს სწევდა;

2. კარგი იქნებოდა ოკუპაციის მუზეუმში ერთი დიდი მემორიალური კედლის გაკეთება, სადაც ამ სახელებს და გვარებს ჩამოვწერდით. ხალხი მოვიდოდა და კედელზევე დაიწყებდა თავიანთი წინაპრების ძიებას, გადმოცემული ამბების მოყოლას… აქ შეიძლება ბევრი სხვა ინფორმაციაც წამოვიდეს ოჯახებიდან, რომელსაც ისინი დღემდე ყურადღებას არ აქცევდნენ”, – აცხადებს ბექა კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს – დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის შს მინისტრი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან შეიარაღებულ თავდასხმაში სამი პირი მონაწილეობდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფტჩი აცხადებს, რომ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად შეიარაღებულ თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.მისივე თქმით, შეტაკების დროს ორი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა.მუსტაფა ჩიფტჩი ასევე აცხადებს, რომ თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა.„სამი პირი, რომლებიც სტამბოლში, Yapı Kredi Plaza-ს კომპლექსის წინ შეიარაღებულ პოლიციელებთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ,  ნეიტრალიზებულია. შეტაკების დროს ჩვენი ორი გმირი პოლიციელი მსუბუქად დაიჭრა. ტერორისტების ვინაობა იდენტიფიცირებულია. დადგენილია, რომ იზმითიდან დაქირავებული მანქანით სტამბოლში ჩასულ პირებს შორის არის ერთი, რომელსაც კავშირი აქვს ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიით მანიპულირებდა. ასევე დადგინდა, რომ ორი ტერორისტიდან ერთ-ერთს, რომლებიც ძმები არიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებული სამართლებრივი ისტორია აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.„ბიბისის“ ინფორმაციით, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლის შემდეგ ერთი შეიარაღებული პირი მოკლეს, ორი კი დაჭრილია.გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელები გრძელლულიან იარაღს ატარებდნენ. შენობის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია.

თამარ ჩიბურდანიძე: ილჰამ ალიევის სიტყვები მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის, რომელთათვისაც „შუა დერეფანი“ ასევეა უმნიშვნელოვანესი არტერია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება ალიევის ვიზიტს საქართველოში და წერს საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ რეგიონში.ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩაურევლობამ მოიტანა ქვეყანაში მშვიდობა, რამაც, თავის მხრივ, უზრუნველყო „შუა დერეფნისა“ და სხვა პროექტების ფასი. ჩიბურდანიძემ ხაზი გაუსვა დერეფნის მნიშვნელობას დასავლეთისთვისაც:„შუა დერეფანი“ უმნიშვნელოვანესი არტერიაა დასავლეთისთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობის გარდა, ქვეყანა სულიერი აღმავლობის გზაზეც დგას. მისი სიტყვებით, ქართული ეკლესიის ერთობა მალე მთელ მსოფლიოს გააოგნებს.„ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი სწორედ ამ დროს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გზებს ეძებს, უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არაფრის მომტანი იქნებოდა მშვიდობის გარეშე. ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ახალ გეოპოლიტიკურ სახიფათო თამაშებში არჩარევამ, ფასი დაადო ჩვენს ადგილმდებარეობას და სწორედ ამის შემდეგ ფასობს „შუა დერეფნისა“ და სხვა პროექტები.ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა იქნებოდა დღეს საქართველოში, ამ რამდენიმე წლიანი შემოტევისთვის რომ არ გაგვეძლო და ქვეყანა სხვისი ინტერესების საჯიჯგნი გაგვეხადა. ეს ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმა იყო, რომელიც ვერც ახლა და ვერც ვერასდროს განხორციელდება, თუკი ქართველი ხალხი იქნება ფხიზლად. ისტორიის სწორ მხარეს დგომა ყოველთვის იძლევა იმ უდიდეს შანსს, რაც დღეს აქვს საქართველოს.ილჰამ ალიევის სიტყვები, რომ „შუა დერეფანი“ მათთვის უმნიშვნელოვანესი არტერიაა, მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის. „შუა დერეფანი“ უმნიშვნელოვანესი არტერიაა ასევე მათთვისაც და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დღეს ამ არტერიას არ უნდა იჭრიდეს. იმედია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, თუკი ეროვნულ პოლიტიკას ატარებ და ხალხი მხარს გიჭერს.საქართველო დღეს ახალ ისტორიას წერს და ეს იქნება წინა პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული ეპოქა. ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის გზას ვადგავართ, არამედ, სულიერისაც. მყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ეკლესიის ერთობა და ძალა მალე მსოფლიოს გააოგნებს. მართალია, ქართველებს ურთიერთმტრობა და ქიშპი არ ეშლებათ, მაგრამ ყველა გადამწყვეტ და კრიტიკულ სიტუაციაში ერი და ბერი ერთიანდება და გაჰყავთ ქვეყანა სამშვიდობოს.ასე მოხდა ბოლო უმძიმესი წლების განმავლობაში და ასე გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ქვეყანა საბოლოოდ არ დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო პოლიტიკაში” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ლაშა ხუციშვილი – საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას

საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, მის გუნდსა და ადგილობრივ მისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში შედგა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის პარამეტრები და პროგნოზები, ასევე ცალკეული სტრუქტურული თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ ფონდის პროგნოზები სრულად თანხვედრაშია საქართველოს ოფიციალურ პროგნოზებთან.„საქართველოს ეკონომიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 9,3%-ით იზრდებოდა. 2026 წელიც მაღალი ზრდით დაიწყო – 8.4%-იანი ზრდა არის პირველ ორ თვეში. ჩვენს პროგნოზებშიც, საშუალოვადიან პერიოდში, ნავარაუდევია ეკონომიკური ზრდის პოტენციურ ზრდასთან დაახლოება. ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში შესაძლებელი და მოსალოდნელია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა რეგიონში ამ დროისთვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სამინისტრო არ ჩქარობს პროგნოზების გადახედვას. მისი თქმით, აქტიურად ხდება დაკვირვება გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე.ფისკალურ დისციპლინაზე საუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის, ფისკალური დეფიციტი ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო სახელმწიფო ვალის დონე უსაფრთხო – 35%-ზე დაბალ ნიშნულზე. მისი თქმით, დაგეგმილია ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან 2.5%-ის ფარგლებში შენარჩუნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილზე.„შესაძლებელია დეფიციტი იყოს უფრო დაბალი, ვიდრე 2.5%-ია იმ მოცემულობით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილი შენარჩუნდება მშპ-ის 7%-ის ფარგლებში, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის დაკავშირებადობის გაძლიერებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. ასევე, წყლის, საგანმანათლებლო, ტურისტული, თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომ მშენებლობა/რეაბილიტაციას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი – მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას

დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენ. მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიომ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას. როგორც ამ დღესასწაულის ტროპარში არის ნათქვამი, „დღეს ცხოვრებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულისა იწოდების“. ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ – არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმიდის მოხვეჭა, რის შედეგადაც ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მიზანი, მაგრამ ისმის კითხვა, იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანის? ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე.ი. ეშმაკს, მაგრამ ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების, ცოდვის ტყვეობაში. აი, დადგა დრო, როდესაც ზეციდან ღმერთმა მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინებისა და ქალწულისგან შობის შესახებ. ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული, ესე იგი, ამიერიდან შესაძლებელი გახდა ის სრული მადლმოსილება. ეს პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში. სწორედ ხარებას, ამ დროს მოხდა ეს. ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა.ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები, დღეები ელოდება მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ცის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა. ასევე ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვის და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. მას რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით, სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს, „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ეს არის მისი საოცარი სულიერება, სიმდაბლე, უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება, გაიხსნას ადამიანის სული სულიწმიდის მადლის მიღებისთვის და ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სულიწმიდის მისაღებად. ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების. ამიტომაც, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, როგორც არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში, „ანგელოზს დაკრებული და კაცთა ნათესავი“ დღეს ხარობს. ძვირფასო დებო და ძმებო, არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ხარებამ და მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული, ამ სიყვარულში კი დასაბამს იღებს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.ამიტომ, ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები