ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა მოჯტაბა ხამენეიმ გამოსცა დირექტივა, რომლის მიხედვითაც, ირანის შეიარაღებისთვის ვარგისი ურანი ქვეყნიდან არ უნდა გაიტანონ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უზენაესი ლიდერის დირექტივა და ქვეყნის შიგნით არსებული კონსენსუსი არის ის, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“ ანონიმურობის დაცვით.
მისივე თქმით, ირანის მაღალი თანამდებობის პირები მიიჩნევენ, რომ ურანის საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მომავალი თავდასხმების მიმართ.
როგორც გამოცემა წერს, აიათოლა მოჯტაბა ხამენეის ბრძანებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები გაართულოს.

