როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა – ერთი დედის გამოცდილება

Read Time:2 Minute, 33 Second

ხშირად უკითხავთ ჩემთვის, თუ როგორ შევძელი ბავშვისთვის ასე შემეყვარებინა წიგნი და მასთან ურთიერთობა?
საბავშვო წიგნების ყიდვა ჯერ კიდევ მანამდე დავიწყე, სანამ ბავშვი ჩაისახებოდა და, რა თქმა უნდა, მას შემდეგ ვაგრძელებ. ანუ, ეს იყო პერიოდი, როცა მე ვემზადებოდი დედობისთვის და ვფიქრობდი, რა იქნებოდა კარგი ჩემი მომავალი შვილისთვის, ვფიქრობდი, რა მაკლდა და მინდოდა ბავშვობაში და რა შეცდომები არ უნდა დამეშვა, როგორც მშობელს, მომავალში.
წიგნი იყო ის, რაც მაკლდა, ჩემი აზრით. მახსოვდა ის აღფრთოვანებებიც, რაც მასთან მაკავშირებდა და მინდოდა, ჩემი შვილისთვის ეს ბედნიერება

 არ მომეპარა. ჰოდა, დაბადებიდანვე ახლოს იყო მასთან ფერადი წიგნები, თავიდან ეს იყო პატარა, სქელყდიანი და ილუსტრირებული. მარტივად აღსაქმელი ნახატებით. შეიძლება არ მოეწონოს ზოგს, მაგრამ მათი პირში ჩადების უფლებასაც ვაძლევდი თავიდან, თუ ეს უნდოდა, ხელითაც, რა თქმა უნდა, აქტიურად ეხებოდა (იკმაყოფილებდა მის მოთხოვნილებებს – შეხებოდა, გაეგო გემო, მოესმინა მისი დაგდებისგან თუ გადაფურცვლისგან გამოწვეული ხმა და ეყნოსა).  არსებობს სპეციალური წიგნები, რომელთან ერთად ბანაობაც შეიძლება.
ამ პატარა, საყვარელი წიგნების წყალობით და უფროსების ჩართულობით ძალიან მარტივად ისწავლა ფერების ცნობა, ცხოველების ხმების იმიტაცია და ა.შ. რაც მთავარია, შეეჩვია და შეუყვარდა ისინი.
ცოტა მოგვიანებით, როცა ბავშვი მოსმენასაც იწყებს, დავიწყეთ
 პატარა ისტორიების კითხვა ილუსტრირებული წიგნებიდან. აუცილებელია, მათი ზომა იყოს პატარა და გასაგები (რა თქმა უნდა, კეთილი შინაარსის მქონე და არა ხოცვა-ჟლეტაზე), რადგან ბავშვს დიდი ხანი არ შეუძლია კონცენტრირდეს ერთ საგანზე, მას ახალი გვერდი აინტერესებს, ახალი ემოციები და მოლოდინიც არ გაგიცრუვდებათ, როცა პატარას აღფრთოვანებულ სახეს დაინახავთ და შესაბამის შეძახილებსაც გაიგებთ.
რამდენიმე რჩევა:
• წიგნებისთვის გამოყოფილი გქონდეთ ადგილი, თარო, ყუთი თუ კარადა. აუცილებლად ხელშესახებ ადგილზე უდა იყოს და ბავშვს უნდა შეეძლოს არჩევა და აღება;
  • • ასწავლეთ წიგნთან მოპყრობა, მაგრამ არ გაუბრაზდეთ, თუ რამე შეეშლება, მაგალითად თუ გაეხევა შემთხვევით ფურცელი. უბრალოდ მწუხარება გამოხატეთ, რომ ასეთი კარგი წიგნი გაიხა და იმედი, რომ მომავალში აღარ გაიხევა;
  • • შეეცადეთ არ აიძულოთ ბავშვს წიგნის კითხვა, ეს უნდა იყოს მისი სურვილით და სასიამოვნო პროცესი;
  • • სასურველია, წიგნისთვის დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოიცალოთ მაგალითად, დილით, შუადღეზე და ძილის წინ (ჩვენ წიგნებთან ერთად ვიძინებთ ხოლმე);
  • • მიეცით ბავშვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი წიგნი წასაკითხად;
  • • სცადეთ, ზღაპრებში არ იყოს სისხლიანი და აგრესიული სცენები;
  • • თუ პერსონაჟი ცუდად იქცევა, აუხსენით აუცილებლად, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება და არ დაგავიწყდეთ იმის თქმაც, თუ რატომ არ შეიძლება;
  • • არ გაგიკვირდეთ, თუ ძილის წინ მოითხოვს ერთი და იმავე ზღაპრის თუ ამბის რამდენჯერმე გამეორებას. მოუყევით/წაუკითხეთ ერთ ტონალობაში, მშვიდად და თეატრალიზების გარეშე. ასე უფრო სწრაფად და კარგად დაეძინება;
  • • შეგიძლიათ, მაღაზიაში წიგნის საყიდლადაც წაიყვანოთ და იქ მოაძებნინოთ და აარჩევინოთ სასურველი. თავიდან რომ აიცილოთ მთელი მაღაზიის ყიდვის სურვილი, შეთანხმდით წინასწარ, რა ტიპის წიგნს ეძებთ და პოვნის შემდეგ გამოხატეთ სიხარული და შეაქეთ. თუ მსგავსი წიგნები ნახეთ აარჩევინეთ მას, თუნდაც ორი იდენტურიდან. მნიშვნელოვანია ბავშვი გადაწყვეტილებების მიღებას პატარაობიდანვე მიეჩვიოს.
  • • ესაუბრეთ წიგნის შესახებ, რომელსაც კითხულობთ. დაუსვით კითხვები და მოახსენეთ თქვენი აზრი არ დაგავიწყდეთ მისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვანია და პატივი ეცით, თუ განსხვავდება თქვენი შეხედულებებისგან;
  • • კითხვები დაუსვით ილუსტრაციების შესახებ – სთხოვეთ დაუკავშიროს ნახატი სიუჟეტს, გმირი კი რეალურ პერსონაჟს;
  • • გაიხსენეთ მსგავსი ამბავი ან გმირი, სთხოვეთ გამოხატოს აზრი, რომელი ზღაპარი ჯობია და რატომ?
  • • კითხეთ თუ რა მოხდება შემდეგში მისი აზრით;
  • • აუცილებლად განუმარტეთ სიტყვები, რომლებიც არ იცის და თუ ისტორიული პიროვნება შეგხვდებათ ან ადგილი, პატარა გადახვევა გააკეთეთ და უამბეთ მის შესახებ;
  • • შეეცადეთ ბავშვის დასანახად თავადვე იკითხოთ, რომ მანაც მოგბაძოთ.

ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი გართობაა წიგნების კითხვა, ჩვენ ვმოგზაურობთ ზღაპრულ სამყაროში – შემოგვიერთდით თქვენც!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იან კელი – არ ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციის ჩიხში მოქცევა უნდა
Next post ტელეფონის უცნობი ფუნქციები, რომლითაც მომხმარებლის თვალთვალი შეიძლება