ეს არის ამორალური და განსაკუთრებული უტიფრობა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ისინი ოცნებობენ, კიდევ ერთი 7 ნოემბერი მოუწყონ ამ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას. ისინი არ ნანობენ იმ დანაშაულებს, რომლებიც აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე და ამით კიდევ ერთხელ ამჟღავნებენ რეალურ ბუნებას, რეალურ მიზნებს, რასაც ჩვენი სახელმწიფო არასდროს დაუშვებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ოპოზიციამ 7 ნოემბერს აქცია ჯერ დააანონსა, შემდეგ კი გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირას, 7 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავს. 7 ნოემბრის აქცია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დააანონსა ექსპრეზიდენტმა და ამჟამად პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმაც, თუმცა მისი პოსტი ახლა აღარ იძებნება.
7 ნოემბრის აქციის ანონსს მალევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“. ელენე ხოშტარიას კომენტარი გაავრცელა „ტაბულამაც“, სადაც ხოშტარია ამბობს: „აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, შეგვეშალა“.