ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პოზიტიურადაა განწყობილი ევროკომისიის მიერ წარმოსადგენ შეფასებაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსისთვის ყველაფერი გააკეთა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან პროაქტიული სამუშაოები მიმდინარეობდა, მათ შორის საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციირებითა და უზრუნველყოფით. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟს ამ [ევრორეკომენდაციების შესრულების] პროცესისადმი, რომელიც არცერთ სამუშაო ფორმატში არ ერთვებოდა, მაგრამ ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აკეთებს არაფერსო. კონკრეტული გადაწყვეტილებები და ციფრები მეტყველებს სინამდვილეში შედეგებზე. ის, რომ 100-მდე კანონპროექტი არის მიღებული პარლამენტის მიერ, გაიმართა 60-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა, შეიქმნა 9 სამუშაო ჯგუფი და პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით, გარდა ერთისა, ეს არის პოლარიზება, ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა „ქრონიკაში“.
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ რეფორმების შესახებ მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით კი საქართველოზე შუალედურ ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.