კვირა, სექტემბერი 20, 2026

რატი ბრეგაძე – არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ და მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს

შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.

ამასთან, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.

„როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში. მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა. ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება დასკვნას, ჯერჯერობით ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო, რადგან მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„მსგავსი ტიპის დასკვნა, და რატომღაც თქვენ მაშინვე საუბრობთ ნეგატიურ კონტექსტში, რომ თუ ის იქნება ცუდად. თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება? შეიძლება, ძალიან კარგად არის ხომ და არ აქვს რაიმე ისეთი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. დასკვნა შეიძლება, იყოს ორგვარი, ან სამგვარი. თქვენ ავტომატურად საუბრობთ ყველაზე ცუდ და ნეგატიურ სცენარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის სცენარზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, აქ ჩვენს პოზიციაზე რა უნდა ვისაუბროთ? რაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მას შემდეგ. არსებობს სტატუსი, ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და თან პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. იმისთვის, რომ ის გავიდეს საზღვარგეთ, იქნება ეს სამკურნალო, თუ ნებისმიერი სხვა მიზანი, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. ამისთვის კი აუცილებელია, მისი სასჯელი იყო გადავადებული ან იყოს გათავისუფლებული. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში, როცა ჩვენთან არის მსჯავრდებული პატიმარი, მას ვერ გავუშვებთ ვერც საზღვარგარეთ და ვერც ნებისმიერ სხვა ადგილას, თუ ამას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მინისტრმა დღეს არ ისაუბრა, ვინ ჩაატარებს და როდის ჩაატარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

„ჩვენ არავის საპასუხოდ არ ვაპირებთ (ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას), არის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რასაც ატარებს ცენტრი „ემპათია“ და მე ვთქვი, რომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ ექსპერტიზა, რადგან დაინტერესებული ვართ როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ.

ჩვენი ქმედებები ყოველთვის არის ძალიან კონკრეტული. მე გითხარით, რომ შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ მათ შორის კიდევ დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ეს არის მათი ნება-სურვილით ხომ, მსჯავრდებულის ნება-სურვილით ექსპერტიზა, რომელიც რამდენიმე თვეა, გრძელდება. როგორც გითხარით, ჩვენ დაინტერესებული ვართ, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ეს ადამიანი არის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში, კერძოდ, კლინიკა „ვივამედში“. იმისთვის, რომ ჩვენც გავიგოთ, საბოლოო ჯამში რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის ირგვლივ, არსებობდეს ოფიციალური პასუხი როგორც საავადმყოფოს მხრიდან, ასევე დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფისგანაც, დარწმუნდეს ერთხელ და სამუდამოდ ყველა, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, გვინდა, ჩავატაროთ დამოუკიდებელი ესპერტიზა. რაც შეეხება კონკრეტულად ვადას, ამას ვერ გიპასუხებთ. თქვენ წინმსწრებად მეუბნებით, რომ რაც პასუხი იქნება „ემპათიის“ მხრიდან, მას შემდეგ იქნებაო, ეს ასე ნამდვილად არ არის. მე გითხარით, რომ შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე ექსპერტიზა, რათა დავრწმუნდეთ და გავერკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ ყველა, რადგან ამ საკითხის მიმართ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად კარგი იქნება, რომ გვქონდეს კიდევ მეტი ინფორმაცია. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი. ყოველ სიტუაციაში, როცა ის საჭიროებდა სამედიცინო მომსახურებას, იგი გაყვანილი იყო კლინიკაში. გარდა ამისა, პარალელურად გვინდა, რომ კიდევ დავრწმუნდეთ ყველანი ერთად, რა სიტუაციაა მისი ჯანმრთელობის ირგვლივ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ თქვა რომის პაპმა ლეო XIV-მ უარი საფრანგეთში სახელმწიფო ვიზიტით გათვალისწინებულ პატივზე

საფრანგეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ელისეის სასახლეს ეწვევა, თუმცა ლეო XIV საპატიო ლეგიონის ორდენის მიღებასა და საზეიმო ვახშამზე დასწრებაზე უარს ამბობს. გაზეთ „ლა კრუას“ (La Croix) ცნობით, ვატიკანმა, სავარაუდოდ, პაპისა და ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრის შეთავაზებაც უარყო, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უნდა გამართულიყო.გაურბის თუ არა პაპი ემანუელ მაკრონს? ლეო XIV-ის საფრანგეთში ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში, „ლა კრუა“ წერს, რომ ვატიკანმა არ დააკმაყოფილა ელისეს სასახლის თხოვნა, რომელიც პარასკევს, 25 სექტემბერს, პაპისა და ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრას ეხებოდა.ემანუელ მაკრონი იმედოვნებდა, რომ პონტიფიკოსთან მისი შეხვედრა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დათვალიერების დროს შედგებოდა, რომლის რესტავრირება, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.„ლა კრუასთან“ საუბრის დროს, ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ეს გადაწყვეტილება, ვიზიტის დატვირთული გრაფიკით და მწუხრის ლოცვის შემდეგ მორწმუნეებისთვის ტაძრის რაც შეიძლება სწრაფად გახსნის სურვილით ახსნა. თუმცა, გაზეთი მიიჩნევს, რომ წმინდა საყდრის უარის უკან შესაძლოა სხვა, უფრო პოლიტიკური ხასიათის მიზეზები იდგეს, თუნდაც საფრანგეთის მიერ ევთანაზიის შესახებ კანონის დამტკიცება, რომლის მიღებასაც ეკლესია ეწინააღმდეგებოდა. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველივე ამას უწოდებს „უაზრო პოლემიკას“, რომელსაც „საფუძველი არ გააჩნია“. „აქედან სიმართლეს არცერთი შეესაბამება, – განუცხადეს „ფრანს ინფოს“ემანუელ მაკრონის გარემოცვის წევრებმა, – როგორც ყოველთვის, ახლაც შედგა დისკუსია ელისეის სასახლესა და პაპის წარმომადგენლებს შორის. როგორც ყოველთვის, ახლაც სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღეთ“.ამ პოზიციას, როგორც ჩანს, საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციაც (CEF), იზიარებს. ის დიდად აფასებს „იმ მზაობას და ძალისხმევას, რომელიც ყველა უწყებამ გამოიჩინა, იქნება ეს ელისეს სასახლე, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახური, სამინისტროები თუ პოლიციის პრეფექტურები“. CEF-ი განმარტავს, რომ ეს არის სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტის წესებს არ ექვემდებარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ პაპს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი აქვს, „პირველ რიგში, მას ისე ხვდებიან, როგორც ეკლესიის წინამძღოლს“, – აცხადებს საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენცია. საზეიმო ვახშამი სამოციქულო მოგზაურობის დღის წესრიგში არ შედის „ამ ტიპის ვიზიტი, შესაბამისად, იმართება კონკრეტულ, დადგენილ ფორმატში, რომლითაც საზეიმო ვახშამზე დასწრება ან ჯილდოს მიღება გათვალისწინებული არ არის“, – დასძენს CEF-ი. „ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვატიკანის მხრიდან უარს; ეს სამოციქულო მოგზაურობის ჩვეულ ფორმატს, უბრალოდ, არ შეესაბამება“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პაპი ლეო XIV ემანუელ მაკრონს რამდენჯერმე მაინც შეხვდება. პრეზიდენტი პონტიფიკოსს ორლის აეროპორტში დახვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მათი შეხვედრა ელისეის სასახლეში. ემანუელ მაკრონი ასევე დაესწრება საფრანგეთში პაპის ვიზიტის ბოლო დღეს ქალაქ მეცში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა

20 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნეს.მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა, ამავე უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ, მიხეილ ჩოკოშვილმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, კიაზო ახალაიამ.საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური/საპატიო სამკერდე ნიშნები, განსაკუთრებული დამსახურებისთვის პირველად უწყების ისტორიაში გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც  წლების განმავლობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს. აღნიშნული ჯილდოს დაწესება არის ახალი ტრადიციის დასაწყისი და ღირსეული სამსახურის დაფასების მიზნით, მებაჟე-ოფიცრების დაჯილდოება მომავალშიც გაგრძელდება.შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ბარათაშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის აღსრულებისა და ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ.,,ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მივულოცავ მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას თქვენ პროფესიულ საქმიანობაში და კვლავაც გპირდებით უპირობო მხარდაჭერას“, -  განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 2026 წლის 20 სექტემბერს, უკვე მეოთხედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.პროფესიულ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები და პარტნიორი უწყების წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს

ნატო მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის, – ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.მისი თქმით, ნატო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.„ალიანსი მზად არის, სტრუქტურა მზად არის, ჯარისკაცები და იარაღი მზად არის. ჩვენ მზად ვართ ესკალაციისთვის. თავდასხმის შემთხვევაში, ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დრაგონემ.მისი თქმით, რუსეთის „უპასუხისმგებლო ქმედებები“ ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ალიანსის ერთიანობასა და მზადყოფნას „ამოწმებს” და მიზნად ისახავს ნატო-ს წევრებს შორის ნდობის შესუსტებას.„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს მცდელობები ვერ დაგვყოფს. პირიქით, ისინი გვაიძულებს, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და გვხდის უფრო ერთიანსა და უფრო მტკიცეს“, – აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში ნატო-ს რომელიმე წევრ ქვეყანაში დრონები ან რაკეტები გაუშვას და ამ გზით ალიანსის რეაქცია გამოსცადოს.

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული კანონმდებლობა ამოქმედდა, ოპოზიციას შეეზღუდა წვდომა ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყოფილ „შავ ფულზე“. დაფინანსების გარეშე კი, დეპუტატის თქმით, რადიკალები არაფერს აკეთებენ.„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ.ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი. ჩვენ უკვე გავიარეთ იმ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.მანვე აღნიშნა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა კამპანია, რაც საფუძველს მოკლებულია. „ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში.მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა. ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში. იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ბოლო სიახლეები