რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდით საქართველო პირველ ადგილზეა. ჟურნალ International Investment-ის კვლევის თანახმად, 2014-დან 2017 წლამდე რუსი ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად ოთხ ქვეყანაში გაიზარდა: საქართველო, კვიპროსი, ჩინეთი, თურქეთი. მათ შორის კი, საქართველოში ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება.
2017 წლის პირველ სამ თვეში (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), რუსი ტურისტების 94.20%-იანი ზრდა შეინიშნება. 2017 წლის სრული მაჩვენებელი კი, 2014 წელთან შედარებით, 116%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სარეიტინგო სიაში მეორე ადგილზე მყოფ კვიპროსს; 2017 წლის პირველ სამ თვეში (2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), რუსი ტურისტების 23.40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის სრული მაჩვენებელი კი, 2014 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზე დაფიქსირდა 3.70 ქულით. ინდექსი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, საქართველომ 1 პოზიციით წინ წაიწია – 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით.