რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ნატომ წერილობით პასუხებში უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს.
„ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ 26 იანვარს აშშ-ისა და ნატოსგან მიღებულ წერილობით პასუხებს, თუმცა უკვე ცხადია, რომ ჩვენთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება ვერ დავინახეთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: ნატოს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება.
რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ აღნიშნა, რომ „თავის დროს რუსეთი გადააგდეს, როდესაც რუსეთს დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა“.
„დღეს ვხედავთ, სად არის ნატო: პოლონეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ უბრალოდ გადაგვაგდეს, უბრალოდ მოგვატყუეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.