ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ქრთამის აღება, ე.წ. ქოლცენტრები და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვები.

„საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.

პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის.

მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.

საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.

მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა.

ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხული არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

გენერალური პროკურორის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება გრძელდება გრიგოლ ლილუაშვილის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოვლენის და მასთან ერთად სავარაუდო დანაშაულებში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით. ქართველი სამართალდამცველები ვაგრძელებთ კორუფციასთან ბრძოლას მისი ისტორიულ მინიმუმამდე დაყვანის და მაქსიმალური პრევენციის მიზნით“, – აღნიშნა გვარაკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის ელჩი – დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე – შედგა კონსტრუქციული საუბარი

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ შედგა კონსტრუქციული საუბარი.ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული.ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე.შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.რეალობა მარტივია:რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, - წერს ირანის ელჩი.

პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

,,თბილისში სამძიმრის წიგნი გაიხსნება''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს,,პარასკევს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს. მოწვევა ეხება ყველა იმ პირს, ვისაც სურს გამოხატოს თანაგრძნობა და სოლიდარობა წარმოშობით ქართველი ირანელების მიმართ — იმ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპნენ. თქვენი ჩანაწერები სამძიმრის წიგნში გახდება არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისტორიის ნაწილი — სამახსოვრო ხიდი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს სამიათასწლიანი ურთიერთობების ფარგლებში. ეს წიგნი, ქართველი ხალხის გზავნილებით, მომავალში გადაეცემა ფერეიდანის ისტორიულ მუზეუმს — იქ, სადაც ცხოვრობს ქართული წარმოშობის თემი. მოდით, ერთად დავამტკიცოთ, რომ სოლიდარობასა და ადამიანურ თანადგომას საზღვრები არ გააჩნია-ნატქვამია ელჩის მიმართვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – სლოვაკეთის პრეზიდენტთან ხაზი გავუსვით, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი

მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომის მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება.„სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს. მისასალმებელია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყო ავიამიმოსვლა – ქუთაისსა და ბრატისლავას შორის, რაც კიდევ უფრო მეტად დააახლოეებს ჩვენს ხალხებს და მეტი ტურისტი იქნება როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.ჩვენი შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით, რომ კომპლექსურად და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდი პოტენციალი. ამასაც ძალიან გაგებით მოეკიდა ჩემი კოლეგა, რადგან იცის ჩვენი, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიაში. შუა დერეფნის თემა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია და ჩემმა კოლეგამაც აღნიშნა. ამიტომ უდიდესი პოტენციალია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და სწორედ იმის დასტურია, რომ ეს შესაძლებლობები უფრო მზარდია, უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება, რომ ამ რეგიონს მეტი ყურადღება მიაქციოს. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი და ჩვენი ქვეყნები უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა საქართველოს პოტენციალი, რომელიც აქვს შუა დერეფნის სახით, უფრო მეტად იყოს ათვისებული. საქართველო დღესაც ამ ფასეულობების ერთგულია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები