ევროკავშირის დიპლომატები და ოფიციალური პირები ჯერ ისევ ვერ შეთანხმდნენ, ვინ წარმოადგენს ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
საკითხი მიმდინარე კვირას მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში სამმხრივი შეხვედრის შესათავაზებლად გაემგზავრა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ პუტინი ევროკავშირს ავტორიტეტად არ აღიქვამს და ურსულა ფონ დერ ლაიენთან, კაია კალასთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ემანუელ მაკრონთან საუბარზე უარს ამბობს. პაველის აზრით, ევროპამ უნდა დაასახელოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დანარჩენები მოლაპარაკების მანდატს მისცემენ.
„პოლიტიკო“ წერს, რომ დიპლომატები ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა იყოს ევროპის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ვერსია ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბია. მას ტრამპთან ევროკავშირის ლიდერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა აქვს, ხოლო ფინეთს რუსეთთან დიდი გამოცდილება აქვს. სტუბი ოსლოში ზელენსკისა და უიტკოფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.
„არჩევანი იმის თაობაზე, ვინ წარმოადგენს საბოლოოდ ევროკავშირს, დაფუძნებული იქნება იმაზე, რა მოიტანს ყველაზე დიდ სარგებელს, და არა პირადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე ან ნარცისულ მიკერძოებებზე“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ევროპელი დიპლომატი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა პუტინთან დალაპარაკებას უნდა შეეცადოს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენი და კალასი უკრაინის მხარესთან ზედმეტად დაკავშირებულად აღიქმებიან, კოშტა კი უფრო მიუკერძოებელ შუამავლად გამოიყურება.

