პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმის, მანანა ლობჟანიძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს, თავდაპირველად კლინიკიდან თავისი ნებით გაეწერა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი კვლავ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტვინის შერყევა კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა.
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე, გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა. ჩვენთან უტარდება კვლევები და კვლევებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას პაციენტი მოთავსდება სტაციონარში თუ გაეწერება ბინაზე. ტვინის შერყევა ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიით არ დადასტურებულა“,- განაცხადა მანანა ლობჟანიძე.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

