პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რომელსაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტში შედის.
მოგვიანებით ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით, სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „DRG“ მეთოდით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფისა და „ DRG“ წონის მიხედვით გამოითვლება ტარიფი კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე, პაციენტის კლინიკაში შესვლიდან იქ მკურნალობისა და გაწერის ჩათვლით“, – აღნიშნა აზარაშვილმა.