ორშაბათი, ივლისი 27, 2026

პატრიარქი შიო III – ვევედროთ ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა, საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ

თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ნათელი ქრისტესი, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ღირსთა ასურელთა მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, უნდა ვევედროთ ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ და ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.

„მაღალღირსო მამაო გაბრიელ! ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, ამა მონასტრის საძმოს მამებო და ძმებო!გილოცავთ დღევანდელ დღეს – ღირსი იოანე ზედაზნელის და მისი თორმეტი მოწაფის ხსენებას, ჩვენთვის ძალიან საყვარელი წმინდანების ხსენებას, რომლებმაც საქართველოში მოიტანეს სამონაზვნო ცხოვრება და დააარსეს მონასტრები.

დღევანდელი დღე დაემთხვა აღდგომის წარგზავნას. დღეს წირვაზე სახარებაში წაკითხული იყო ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ის ბოლოჯერ ესაუბრა იუდეველებს და უთხრა: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“ (ინ. 12, 36). შემდეგ კი ამბობს: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელიც მოვედი სოფლად, რომ გქონდეთ ნათელი და არ იაროთ ბნელში“ (ინ. 8, 12).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ნათელი მოიტანა ჩვენთან წმინდა ნინომ, მოციქულთასწორმა და მოიტანეს ათცამეტმა ასურელმა მამებმა. თუ წმინდა ნინომ მოიტანა ჩვენთან ქრისტეს სარწმუნოება, ეს ნათელი ქრისტესი, როგორც გითხარით, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება. ესეც არის უდიდესი ნათელი ქრისტესი. თუ შეიძლება ითქვას, ეს არის გზა სულიერი სრულყოფის, განღმრთობის, ღმერთის თვისებების მიმსგავსების.

რომ წარმოიდგინოთ განსხვავება ამათ შორის, შეგახსენებთ უფალ იესო ქრისტეს საუბარს მდიდარ ჭაბუკთან, რომელიც ეკითხება მაცხოვარს, რა გავაკეთო, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროო? უფალი ეტყვის: „მცნებები იცი: კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, პატივი ეცი მამაშენს, დედაშენს, არ მოიპარო“ (მარკ. 10, 19) და ა. შ. ის ეტყვის, რომ ამ ყველაფერს ბავშვობიდან იცავდა. მაშინ, რომ არ ჰგონებოდა მას, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია, უფალმა დაამდაბლა იგი და უთხრა: „თუ გინდა, სრულყოფილებას მიაღწიო, მაშინ მიატოვე მთელი შენი ქონება, გაყიდე, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ (მარკ. 10, 21).

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ორი გზა! თუ პირველი გზა, რომელსაც მიუთითებს უფალი: „დაიცავი მცნებები, არა კაც კლა, არა იმრუშო“ და ა. შ. – ეს არის სავალდებულო ყველა ქრისტიანისთვის, რათა სული ვიცხონოთ, აღსარება, ზიარება, საეკლესიო ცხოვრება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. ეს არის ყველასთვის, მაგრამ ეს მეორე სიტყვა, რასაც უფალი ამბობს: „თუ გინდა სრულყოფილი იყო, გაყიდე მთელი შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს, გამომყევი და გექნება საუნჯე ცათა შინა“ – ეს უკვე არის გზა სრულყოფილებისა. აქ კარგად ჩანს ეს ორი მხარე ქრისტიანული ცხოვრებისა. ეს გზა მოგვიტანეს ჩვენ, საქართველოში დაამკვიდრეს ღირსმა ასურელმა მამებმა.

არის გარკვეული ცნობები, თუ არ ვცდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე წერდა, ის იკვლევდა ქართულ მონაზვნობას და როგორც მახსოვს, ერთ ადგილას, თავის სამეცნიერო ნაშრომში ამბობს, რომ ასურელ მამებამდე ძალიან იშვიათი კერები იყო საქართველოში მონაზვნური ცხოვრების ტიპის მსგავსი, ასე ვთქვათ, პატარა კრებულები – ერთი, ორი სამი, ძალიან კანტიკუნტად იყო, მაგრამ ასურელმა მამებმა მოიტანეს ნამდვილი მონაზვნობა თავისი მთელი წესით, განგებით და ა. შ. ამან შეცვალა საქართველოში ჩვენი სულიერი ცხოვრება, განაპირობა შემდგომი განვითარება. თქვენ იცით, ჩვენი მონასტრები იყო ძალიან დიდი სამეცნიერო კერებიც. სწორედ ეს მიმართულებაა სრულყოფილებისა, რომლისკენაც ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით მიილტვოდა და დიდ სიმაღლეებსაც მიაღწია ჩვენმა ბევრმა წინაპარმა, ეს მათი მოტანილია და ამისთვის ვმადლობთ მათ! უფალს ვმადლობთ მათი მოვლინებისთვის და ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ვინაიდან, მინდა, გაგახსენოთ, რომ როგორც წმინდა ნინო მოგვივლინა ჩვენ დედა ღვთისმშობელმა მისი გამოცხადებით, სწორედ ასე ასურელი მამებიც გამოემართნენ საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ.

ალბათ გახსოვთ მათი ცხოვრებიდან, რომ თვით კათალიკოსი ევლავიუსი და მეფე ფარსმანი დახვდნენ მათ, როდესაც საქართველოში შემოვიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე იცოდნენ მათი მნიშვნელობა, რადგან ანგელოზები გამოეცხადა კათალიკოს ევლავიუსს და უთხრეს, როგორი ადამიანები მოდიოდნენ და რა მისია ეკისრებოდათ მათ. ამიტომ პირადად გადიან კათალიკოსი და მეფე მათ შესახვედრად.

როგორც მათი ცხოვრებიდან ვიცით, პირველად ისინი მივიდნენ სვეტიცხოველთან, მაშინ ჯერ კიდევ მირონმდინარე იყო წმინდა ცხოველმყოფელი სვეტი. ემთხვივნენ სვეტს და შემდეგ დამკვიდრდნენ ამ წმინდა ადგილზე, აქ ცხოვრობდნენ. აქაც ღვთისმშობელი გამოეცხადა მათ და დაავალა, მთელ საქართველოში წასულიყვნენ და მონაზვნობა დაეარსებინათ. რამდენიმე მათგანი ეპისკოპოსიც გახდა, როგორც იცით და მრავალ სასწაულს ახდენდნენ. ისინი დღემდე არიან ჩვენი მფარველები და ჩვენთვის მლოცველები.

დღეს ჩვენ ძალიან ვინუგეშეთ, მამებო, განსაკუთრებული მადლია ამ მონასტერში, განსაკუთრებით გვიყვარს ყველას. ვევედროთ ჩვენს ძვირფას ღირს ასურელ მამებს, რომ დაიფარონ ჩვენი ქვეყანა – საქართველო – გაამთლიანონ, გააძლიერონ, ევედრონ უფალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის.

რა თქმა უნდა, დაიფარონ და გააძლიერონ ეს მონასტერი, თქვენ, მამა გაბრიელ, მადლობა თქვენი მოღვაწეობისთვის. თქვენი წინამძღოლობით ეს მონასტერი ღირსმა იოანე ზედაზნელმა და თორმეტმა ასურელმა მამამ, მისმა მოწაფეებმა, დაიფარონ, გააძლიერონ და გაამრავლონ. საქართველოში მონაზვნობა ააღორძინოს უფალმა მათი ლოცვით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”, – განაცხადა პატრიარქმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.ვიზიტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი სტაციონარული რენტგენო ინსპექტირების სკანერით ტვირთების დათვალიერების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ თანამედროვე სისტემების გამოყენება ხელს უწყობს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირებას და გამოვლენას. კახეთის რეგიონში სტუმრობისას, უწყების ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა თელავის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.რეგიონალურ შეხვედრებს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები - ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა ხელმძღვანელი პირები.სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე უკვე იმყოფებოდა, სამეგრელოს, ასევე იმერეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ევროკავშირმა რუსული კომპანია „Интер РАО​“ დაასანქცირა

ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "Интер РАО" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.ენერგოკომპანია საქართველოში რამდენიმე ენერგოაქტივს ფლობს. კომპანიის საკუთრების სტრუქტურის მიხედვით, "Интер РАО​" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ "თელასის" და "თელმიკოს" აქციების ფლობს.კომპანიის მფლობელობაშია "ხრამი 1-ისა" და "ხრამი 2-ის" ჰიდროელექტროსადგურებიც.

შალვა პაპუაშვილი – მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი...

სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა.„ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო.წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა.პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია.სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა.ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“,- აცხადებს პაპუაშვილი.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება, დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. მისივე განცხადებით, ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად.„დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა, ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება.ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება.თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც.უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს.კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ.ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა….თუმცა, როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მო(ი)ტაცებაც ეპატიება“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პუტინი მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მტერი დამარცხდეს და გამარჯვება ჩვენი იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისივე განმარტებით, „რუსეთი იძულებული გახდა, დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ დაესრულებინა კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები“.„გვაიძულეს, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რადგან ვცდილობდით, დაგვესრულებინა უკვე დასავლური მხარისა და კიევის რეჟიმის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მაშინდელი უკრაინის ამ ნაწილში”,- აღნიშნა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-მ უგულებელყო თავისი დაპირებები.„თავის დროზე დაპირდნენ მიხეილ სერგეევიჩ გორბაჩოვს, რომ ნატო-ს არ გააფართოებდნენ – ერთ გაფართოებას მეორე მოჰყვა, ჩვენი მრავალი პროტესტის მიუხედავად და ასე შემდეგ. არაფრად ჩააგდეს ყველა თავიანთი დაპირება”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, რუსეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი.„იყო მხოლოდ ერთი გარანტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა – ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება”,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.ვლადიმერ პუტინის შეფასებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დაკარგავს დასავლეთით მდებარე მიწებს.„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს დასავლეთით მდებარე ამ მიწებს. რაც პოლონეთს ეკუთვნოდა, რაც უნგრეთს ეკუთვნოდა, რაც რუმინეთს ეკუთვნოდა, ადრე თუ გვიან – შეიძლება, არა ხვალ, შეიძლება არა ზეგ, ერთი წელი, ორი, ათი, თხუთმეტი, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება”,- განაცხადა პუტინმა.

შიო მესამე – რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება, უფლის რწმენა ჩვენს გულში არის საღვთო სიკეთეების დიდი საუნჯის გასაღები

უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.შიო მესამემ სულიერ ცხოვრებაში ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობასა და რწმენის ძალის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მერვე კვირა დღეს და მთავარანგელოზ გაბრიელის ხსენებას.დღეს ამასთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივი დაპურების შესახებ. სახარება აზუსტებს, რომ ხუთი ათასი კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა. ე. ი. დაახლოებით ათი ან თხუთმეტი ათასი ადამიანი მაინც იქნებოდა იქ, სავარაუდოდ.ეს ეპიზოდი, როგორც ყველა საკითხავი სახარებისა, განსაკუთრებულ სწავლებას გვაძლევს იმის თაობაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ღმერთის ლოცვა-კურთხევას და რწმენას, რწმენის ძალას.მოციქულებს აზრადაც არ ჰქონდათ ის, რომ შეიძლება ხუთი პურით და ორი თევზით დაპურებულიყო ამდენი ადამიანი. ამიტომაც უთხრეს უფალს, რომ მათ მოშივდათ, ცოდონი არიან, გავუშვათ ახლომახლო სოფლებში, რათა იყიდონ თავისთვის საჭმელიო. უფალმა უთხრა: „არ არის საჭირო მათი წასვლა, არამედ თქვენ მიეცით მათ საკვები“ (მთ. 14, 16). მოწაფეებმა გაკვირვებულმა მიუგეს: ჩვენ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს, ეს რას ეყოფა ამდენ ათას ადამიანს? (ინ. 6, 9). უფალმა თითქოს არც შეამჩნია მათი შეპასუხება და უთხრა: „უბრძანეთ, დასხდნენ ბალახზე რიგებად“ (მარკ. 6, 39). შემდეგ აიღო ეს პურები და თევზი, აღაპყრო თვალები ზეცისკენ იმის ნიშნად, რომ იგი არის ერთარსი მამა ღმერთისა და ერთია მათი მოქმედება, აკურთხა ეს პურები, მისცა მოციქულებს, მოციქულებმა კი დაურიგეს ხალხს და არა მხოლოდ დანაყრდა ამდენი ათასი ადამიანი, არამედ კიდევ დარჩა, თორმეტი კალათი აავსეს პურით. ე. ი. ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე იყო თავდაპირველად. მოციქულებმა დაინახეს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მათი რწმენის ძალა უფლისადმი.ძვირფასო ძმებო და დებო, წმინდა ეკლესია ყოველთვის გვასწავლის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობას ჩვენს სულიერ ცხოვრებაში: სადაც არის ღვთის კურთხევა, იქ არის ყოველგვარი სიკეთე და წარმატება, ხოლო სადაც არ არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა, იქ ადამიანები რომც შრომობდნენ მხოლოდ თავიანთი ნება-სურვილით ან არ ექნებათ ჯეროვანი წარმატება, ან საქმე საერთოდ არ გამოვა.გარდა ამისა, რას გვასწავლის ეს წმინდა სახარება? მოციქულებსაც ასწავლა, რა თქმა უნდა, და ჩვენთვის, ყველასთვის, სულისთვის სასარგებლო სწავლებაა, რომ ღმერთს შეუძლია, მცირედისგანაც შექმნას სიმრავლე, გაამრავლოს მცირედიც. ასევე ის, რომ უფალი არ უგულებელყოფს მცირედსაც კი. აი, ნახეთ: უფალი ახდენდა ამ სასწაულს და ხომ შეეძლო ზუსტად იმდენივე პური გაემრავლებინა, რამდენიც სჭირდებოდა ამ ხალხს, მაგრამ მან ბევრად მეტი მისცა. ასე იქნება ჩვენს ცხოვრებაშიც ყოველთვის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ვხედავთ, რომ მხოლოდ მცირედის მირთმევა შეგვიძლია უფლისთვის, იქნება ეს ჩვენი მცირედი შრომა, ღვაწლი, უნარები თუ შესაძლებლობა. არ უნდა დავბრკოლდეთ, რადგან უფალი ამ მცირედს აუცილებლად გაამრავლებს, როგორც ეს მოხდა დღევანდელი სასწაულის შემთხვევაში.კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია: მოციქულებმა დაინახეს რწმენის ძალის მნიშვნელობა, რომ მათ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ და არცერთი გარემოება არ უნდა ჩათვალონ უიმედოდ. ეს ჩვენთვისაც დიდი სწავლებაა.რწმენის სახით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალა, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება და, ვიმეორებ, შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, ჩვენი მწირი შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას.თუ გახსოვთ, როცა უფალი სასწაულებს ახდენდა, მას არაერთხელ უთქვამს მათთვის, ვისაც კურნავდა თუ ეხმარებოდა: „თქვენი რწმენისამებრ გეყოს თქვენ“ (მთ. 8, 13). ე. ი. როგორი რწმენაც გაქვთ, ისეთი იქნება ღვთის წყალობა, იმის მიხედვით მოგეცემათ ღვთის წყალობა. ეს ნიშნავს, რომ უფლის რწმენა ჩვენს გულში – ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის ჩვენთვის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს! ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის!როდესაც მოციქულები გრძნობდნენ რწმენის ნაკლებობას, გახსოვთ მათი სიტყვები, როგორ სთხოვეს უფალს, რწმენა გაგვიმრავლეო? – „გვიმრავლე ჩვენ სარწმუნოება“ (ლკ. 17, 5). რატომ? იმიტომ, რომ ისინი უკვე დარწმუნდნენ ამ რწმენის ძალასა და მნიშვნელობაში, ამიტომაც სთხოვეს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც უფალმა უთხრა იქ თავის მსმენელებს, რომ როცა შეგცოდავს ადამიანი, გაუწყერი მას, ამხილე, მაგრამ თუ შენდობას გთხოვს, აპატიე და სამოცდაათჯერ შვიდგზის აპატიე, თუ შენდობას გთხოვსო (ლკ. 17, 3-4). ამის მერე უთხრეს მოციქულებმა: „გვიმრავლე ჩვენ რწმენა“.თუ ისინი სთხოვდნენ ამას, მით უმეტეს, ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომლებიც ვართ მცირედმორწმუნენი, სულიერად გლახაკნი, გვმართებს, ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს და გაგვიმრავლოს რწმენა, რომ მისი მადლით (აი, დღეს მთავარანგელოზობაა), მთავარანგელოზ გაბრიელისა და ყოველთა უხორცოთა ძალთა ლოცვით და მადლით გავხდეთ ნამდვილი და გულწრფელი ქრისტიანები. ამინ.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ.დღეს ჩვენ ვლოცავთ მეფარიშვილებს და ბაჯაძეებს.ღმერთმა გაგახაროთ, გაგამრავლოთ და გიმრავლოთ რწმენა, სიხარული და ბარაქა თქვენს გვარებს და ოჯახებს“, – განაცხადა შიო მესამემ.

ბოლო სიახლეები