სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები 115 მომხრე ხმით დაამტკიცა.

დეპუტატებმა კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. კანონმდებლებს ცვლილებების არსი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ერთი მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, 2024 წელს ე.წ. ბონუს სისტემა აღარ ამოქმედდება. ამასთან,  ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება საარჩევნო ბარიერიც.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კონსტიტუციიდან ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, „მართლმსაჯულების განხორციელება“ და აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

ამასთან, საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებიც გაფართოვდა და  შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით გაიზრდება. გარდა ამისა, ის ჩანაწერიც გაუქმდა, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

რაც შეეხება საარჩევნო თემატიკას, კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუს სისტემა ამოიღეს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ოთხი საკითხის გარდა, პრეზიდენტის არჩევის ნაწილში ტერმინოლოგიური ცვლილებაც განხორციელდა და ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ შეიცვალა.

პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა იმის გამო, რომ მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, უმრავლესობას ვეტოს დაძლევა 13 ოქტომბერს მოუწია. კონსტიტუცია კი, ძალაში 2018 წელს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა.მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია“.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს

ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.ყაველაშვილმა მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და თითოეული ოჯახისთვის, რომელთა ყოველდღიურობაშიც განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.განათლების სისტემა ადამიანის შესაძლებლობებთან ერთად ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნება თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი თაობით, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ეროვნული ღირებულებების პატივისცემასთან ერთად აქვს ცოდნა, უნარები და ამბიცია, თავად შექმნას უკეთესი საქართველო, რომელიც ღირსეულად უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს.ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი, ფუნდამენტური განათლება, საკუთარი პოტენციალით საქართველოში რეალიზდნენ და მიღებული ცოდნა ქვეყნის წინსვლას მოახმარონ.განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მასწავლებლებს – ადამიანებს, რომელთა პროფესიონალიზმი, ეროვნული სულისკვეთება და პასუხისმგებლობა ყოველი ახალი თაობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, – წერს ყაველაშვილი.

პროკურორი – მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.გამორიცხული არ არის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ადვოკატების დასკვნით სიტყვასა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.„მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს...რა თქმა უნდა, მხოლოდ რომეო მიქაუტაძის პირდაპირი ჩვენება არ გვაქვს და ხაზგასმით ვამბობ, რომ მიქაუტაძის ჩვენება მხოლოდ ორ ეპიზოდს ეხება. დაცვის მხარე ლილუაშვილის დაცვის წევრების და თანაშემწის გამიკითხვაზე აპელირებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არ იყოს სწორი, არა იმიტომ რომ მიზანმიმართულად იტყუებიან, არამედ იმიტომ რომ მათ შეუძლებელია, ახსოვდეთ, 6 წლის განმავლობაში ვინ იყო ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ლილუაშვილთან პიროვნების შეყვანა ხდებოდა, არა სახელი და გვარით ხდებოდა დაშვება, არამედ ავტომობილის ნომრით. ასევე, მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე, როგორც მინისტრის მოადგილე ისე ახსოვდათ და ტელევიზიიდან იცოდნენ, თუმცა, მინისტრი ვინ იყო, ამასაც ვერ იხსენებენ. ეს გონივრულ ვარაუდს მიჩენს, რომ შესაძლოა, მათი ინფორმაცია არ იყოს სწორი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reuters – ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 7 დღით გაახანგრძლივეს – სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადის 22 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც სანქციების რეჟიმის ექვსი თვის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც დაახლოებით 3000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს მოიცავს და აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს უშლის სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხი. სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვს, ხოლო საფრანგეთმა კომპრომისის სახით მხოლოდ უსმანოვის სიიდან ამოღების წინადადება წამოაყენა.გამოცემასთან საუბარში ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ საფრანგეთის მოთხოვნა მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხის წინაშე ვართ და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით მოგვმართეს“, - აღნიშნა ფრანგმა წყარომ.გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებში შეიძლება, თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იგულისხმებოდეს, რადგან წარსულში ისინი უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ლობირებდნენ. Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება სურს, რათა ბაქოში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწიოს.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი

ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.მისივე თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ჰქონდა ეკონომიკური წინსვლა.„მე მინდა, გითხრათ, რა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით – ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. რეალურად, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი გამოწვევების მიუხედავად, პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად.ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა ეკონომიკური წინსვლა მთელი ამ წლების განმავლობაში. 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარზე მეტი, მშვიდობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა, ხომ? ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას და პრინციპული პოზიციების დაცვას, ერთით ნაკლებია ისეთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და ა.შ. გარდა იმისა, რომ იყო უმძიმესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება ციხეებში და ციხეებს გარეთ. იყო და აღარ არის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები