პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.
„კარგი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს, რომ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კოვიდის გამო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.
საქართველოში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 228 359. გარდაიცვალა 2 867 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 496, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 873. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 579 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.