ცნობილი ხდება ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. დანიაში, აფროამერიკელმა ქართველი ახალგაზრდა ბათუმელი ფრიდონ იაკობიძე მოკლა.
დამნაშავემ ფრიდონს ჭრილობები დანით მიაყენა. მას ორი შვილი დარჩა.
“პირველ აპრილს გახდებოდა ფრიდონი 32 წლის. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, 6 წლის და ერთი წლის. დანიაში სამუშაოდ იყო წასული. შვილები, ოჯახი ძალიან ენატრებოდა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას და ამ დროს მოკლეს. მკვლელობის დეტალები ჩვენთვის უცნობია.
თბილისის აეროპორტში ხვალ ჩამოასვენებენ და ალბათ, ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მომხდარზე, თუ რა ვითარებაში და რატომ მოკლეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი, მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო. ძალიან მტკივა გული და მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ოჯახზე უზომოდ შეყვარებული მამა და მეუღლე იყო. ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ ის ჩვენ გვერდით არ იქნება.
როგორ უნდა იცოცხლოს მისმა მკვლელმა, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ისე მკაცრად უნდა ისჯებოდნენ ადამიანის მკვლელები, რომ მეორემ არ გაბედოს ასეთი გაუგონარი დანაშაულის ჩადენა. ისეთი მძიმე მდგომარეობაა მის სახლში, რომ ვერავის ვერაფერს ვეკითხები. ერთი ეს ითქვა, რომ ვიღაც აფრო-ამერიკული წარმოშობის მამაკაცმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ხვალ გადმოასვენებენ ჯერ თბილისში, შემდეგ ბათუმში და ალბათ მერე გაირკვევა, იქ რა მოხდა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკონში აქვთ სოფელი. ვერ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება და ოჯახთან ჩახუტება” – აღნიშნულზე ოჯახის ახლობელმა ისაუბრა.