ნიკოლოზ ხატიაშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს აფასებს

Read Time:1 Minute, 54 Second

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს აფასებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ნატო-მ და აშშ-მ გასცა რუსეთის ფედერაციას პრინციპული პასუხი, იმ შეთანხმების საპასუხოდ, რომელიც გულისხმობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ახალი გამყოფი ხაზების შექმნას, რუსეთის გავლენის სფეროების აღდგენას, ევროპული უსაფრთხოების შესუსტებას და ნატო-ს, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშემწყობი ორგანიზაციის დაკნინებას. რუსეთის მხრიდან აგრესიული რიტორიკის და შანტაჟის მიუხედავად, დასავლეთმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის რჩება ერთგული იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც მოიცავენ ქვეყნის სუვერენული არჩევანის პატივისცემას, თავისუფლებას, დემოკრატიულ ღირებულებებს, კოლექტიურ უსაფრთხოებას და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, მათ შორის ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

მისივე შეფასებით, უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ არაერთხელ დავინახეთ რუსეთის მიერ დასავლეთისთვის შეთავაზებული მსგავსი შეთანხმებები, რისი მაგალითიც იყო ბორის ელცინის ე.წ პან-ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ინიციატივა და მედვედევის ევროპის უსაფრთხოების შეთანხმება, რაც საბოლოო ჯამში რუსეთისთვის უშედეგოდ სრულდებოდა.

გავლენის სფეროების აღდგენისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების მიზნით, რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო თვეების განმავლობაში თავის სამეზობლოში. ამაზე მეტყველებს არაერთი ქმედება, მათ შორის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაცია, ყაზახეთში არსებული კრიზისის გადასაჭრელად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ჯარების გაგზავნა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიური პროვოკაციული ქმედებები, ორკესტრირებული დეზინფორმაცია, პროპაგანდა და გავლენის ოპერაციები აღმოსავლეთ ევროპაში, და სხვა აქტივობები.

არ არის გამორიცხული, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია დროებით დასტაბილურდეს უკრაინაში, თუმცა ეს ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები არ განმეორდება. დასავლეთი უკვე კარგად ხედავს ყველა იმ საფრთხეს, რის წინაშეც შესაძლოა დადგეს არა მხოლოდ რუსეთის მეზობელი ქვეყნები, არამედ მთლიანად ევროპა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მოცემულობამ აშშ-ს და ევროპას უბიძგოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისკენ და გახსნას ახალი შესაძლებლობების ფანჯრები საქართველოსა და უკრაინისთვის, რაც მოიაზრებს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებასაც.

„რუსული საფრთხეების შეკავების მიზნით, დასავლეთმა უნდა მოახდინოს მეტი რესურსის მობილიზება და გაზარდოს თავისი ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამისთვის საჭიროა აშშ-მ და ევროპამ ჩამოაყალიბონ კონკრეტული ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რეგიონთან დაკავშირებით, რაც ამ დრომდე არ არსებობდა. პარალელურად, აშშ-მ უნდა გააგრძელოს თავისი სტრატეგიული პარტნიორების – საქართველოსა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და მეტი ინვესტირება მოახდინოს ორი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რადგან სწორედ ეს ორი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს რუსეთის შეკავებას. ამის გარდა, საჭიროა აშშ-მ და ევროკავშირმა გაზარდონ პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს სუვერენული ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევა, მათი ტერიტორიების ოკუპაცია და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გამსახურდია: არ გამკვირვებია მიშასგან ეს მონაროში, კაცი ხუნტის წარმომადგენელი იყო კიევში
Next post მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზებს